მანანა ნაჭყებია რუხის, ახალაბასთუმნისა და ყულიშკარის მოსახლეობას შეხვდა

მანანა ნაჭყებია რუხის, ახალაბასთუმნისა და ყულიშკარის მოსახლეობას შეხვდა

"ახალი მემარჯვენეების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მანანა ნაჭყებია ზუგდიდის რაიონის სოფლების - რუხის და ახალაბასთუმნის მოსახლეობას შეხვდა.

როგორც შეხვედრების შემდეგ მანანა ნაჭყებიამ განაცხადა, ადგილობრივ მოსახლეობას ინფრასტრუქტურული პრობლემებიც აწუხებს და ყოფითიც. მისი თქმით, სოფლებში გზის საფარი ისეთ მდგომარეობაშია, რომ ტრანსპორტს მოძრაობა უჭირს.

„უზარმაზარი სოფლები რაიონულ ცენტრს უგზოობის გამო მოწყვეტილია. მძიმე მდგომარეობაა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, მაგრამ უმთავრესი ისაა, რომ აქ დასაქმების პერსპექტივა არ არსებობს. საქონლის ყოლის შესაძლებლობაც კი მოისპო, რადგან საძოვრები პრაქტიკულად აღარ დარჩა"- განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.

დღესვე,  ნაჭყებია სოფელ ყულიშკარის მოსახლეობას შეხვდა. მისი თქმით, "ახალი მემარჯვენეების" პროგრამის განხორცილება ნიშნავს, რომ სოფელში გლეხი ამოისუნთქავს.

„ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ბიუჯეტიდან დღეს სოფლის მეურნეობაზე დახარჯული 0,5 %- დან სოფლის მეურნეობაზე დახარჯული თანხა 2%- მდე გაიზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დღევანდელი 120 მილიონის ნაცვლად სოფლისთვის 600 მილიონი ლარი დაიხარჯება. ეს ის ზრდაა, რომელიც დღეს ქვეყნის ბიუჯეტს შეუძლია იტვირთოს ეკონომიკური ზრდის ტემპების გათვალისწინებით. სოფლისთვის ამ თანხის ჩადება თითოეული ოჯახისთვის შემოსავლის ზრდას და უკეთ ცხოვრებას ნიშნავს"- განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.