„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ საარჩევნო სახალხო მონიტორინგს იწყებს

„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ საარჩევნო სახალხო მონიტორინგს იწყებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ დღეიდან სახალხო მონიტორინგს იწყებს. ამის შესახებ ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ნანა კაკაბაძემ From.ge-ს განუცხადა.

მისი თქმით, შეიქმნება გაერთიანება, რომლის მიზანიც იმ მოქალაქეების ხმების გაკონტროლება იქნება, რომელთაც თავიანთი ხმის დაცვა  სურთ.

ორგანიზაცია გაერთიანებაში ყველა იმ ჟურნალისტს, იურისტს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს თუ რიგით მოქალაქეებს იწვევს, რომელთაც შესაბამისი აპარატურა, ფოტო და ვიდეო გადამღებები აქვთ. ისინი არჩევნების დღეს ყველა საარჩევნო უბანში ფოტო და ვიდეო გადაღების პროცესს ჩაატარებენ.

კაკაბაძის განმარტებით, გაერთიანებაში შეიქმნება ერთიანი საინფორმაცაიო  ბაზა და არჩვენების დღეს, ყოველ 2 საათში ერთხელ ჩატარდება პრესკონფერენციები, სადაც საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიმდინარეობს საარჩევნო პროცესები.

 „საზოგადოებას ოპერატიულ რეჟიმში ეცოდინება როგორ მიმდინარეობს იმ უბნების მუშაობა, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით. ერთის მხრივ ეს საზოგადოების ჩართულობასა და მეტ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, მეორეს მხრივ, ხელისუფლებას არ მიეცემა საშუალება იმ კარუსელებისა და გაყალბების სახელმწიფო რესურსების გამოყენება, რომლის საშუალებითაც ხალზე ზემოქმედების შესაძლებლობა აქვს“, - განაცხადა მან.

უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ ეს გამოწვევა საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესო იქნება და იმედი გამოთქვა, რომ ამომრჩევლები აქტიურად ჩაერთებიან პროცესში. მისი თქმით, აღნიშნული კამპანია და აქტიური მუშაობის პროცესი დღეიდან დაიწყება.

„ჩვენი ოფისი იწვევს ყველა მოქალაქეს და იურიდიულ პირს, განსაკუთრებით ტელევიზიებს, ვისაც საშუალება აქვს ტექნიკურად დაგვეხმარონ. მე ვფიქრობ, რომ დღეს, არჩევნების წინ ამომრჩეველი  ძალიან გააქტიურდა. დღეს საზოგადოებაში ყველაზე დიდია მოლოდინი იმისა, რომ ცვლილება მოხდეს, აქედან გამომდინარე, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ ჩვენს გამოწვევას გამოეხმაურებიან“, - დასძინა მან.