Forsa:  ყველაზე მნიშვნელოვანი სამი პრობლემა - უმუშევრობა, ტერიტორიული მთლიანობა და ჯანდაცვაა

Forsa: ყველაზე მნიშვნელოვანი სამი პრობლემა - უმუშევრობა, ტერიტორიული მთლიანობა და ჯანდაცვაა

საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი სამი პრობლემა – უმუშევრობა, ტერიტორიული მთლიანობა და ჯანდაცვაა. ეს შედეგი სოციალური კვლევის ინსტიტუტის, forsa-ს მიერ ჩატარებულმა სოციოლოგიურმა კვლევის შედეგებმა აჩვენა.

კვლევის თანახმად, უმუშევრობას ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად 76 პროცენტი ასახელებს, ტერიტორიულ მთლიანობას – 28 პროცენტი, ჯანდაცვას კი – 26 პროცენტი.

პრობლემების ჩამონათვალში შემდეგი ადგილები უჭირავს ეკონომიკას – 22 პროცენტით, ფასების ზრდას და საარსებო მინიმუმს – 12 პროცენტი, სოფლის მეურნეობას – 11 პროცენტი, საზოგადოების გარიყვას – 11 პროცენტი, სიღარიბესა და განათლებას – 7-7 პროცენტი, საქართველო-რუსეთის ურთიერთობას – 5 პროცენტი, პენსიონერებს კი – 3 პროცენტი.

რას შეეხება შეკითხვას, თუ როგორ აფასებენ საქართველოში ეკონომიკურ სიტუაციას ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, რესპონდენტთა 40 პროცენტი მიიჩნევს, რომ სიტუაცია გაუმჯობესებულია, 33 პროცენტი - მდგომარეობა უარესობისკენ წავიდა, 24 პროცენტის აზრით, ის არ შეცვლილა, მცირე ნაწილმა კი შეკითხვაზე პასუხი არ იცის.

ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით რესპონდენტთა შემდგომ მოლოდინებს, 49 პროცენტი ფიქრობს, რომ მდგომარეობა გამოსწორდება, 22 პროცენტმა შეკითხვაზე პასუხი არ იცის, 10 პროცენტის აზრით სიტუაცია არ შეიცვლება, 9 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ სიტუაცია უარესი იქნება.