დემურ გიორხელიძე: ევროკავშირის ფედერაციად გადაკეთების სურვილი მოულოდნელი არ არის

დემურ გიორხელიძე: ევროკავშირის ფედერაციად გადაკეთების სურვილი მოულოდნელი არ არის

დღეს სტრასბურგში ევროპარლამენტის სესიაზე ევროპარლამენტის თავმჯდომარემ ჟოზე მანუელ ბაროზომ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ევროკავშირი ეროვნული სახელმწიფოების ფედერაციად უნდა გარდაქმნას. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ  ბაროზოს განცხადება მოულოდნელი არ არის, რადგან როგორც ფიქრობდნენ, ევროკავშირი ისეთი არ გამოვიდა და საკმაოდ მოუქნელი ორგანიზაცია აღმოჩნდა.  „თუ ევროპა იმ კრიზისს, რომელშიც ახლაა თანდათანობით დასძლევს, მაშინ იგი შესაბამის მეთოდებსაც და ფორმებსაც გამოიმუშავებს. რა პარადოქსულიც არ უნდა იყოს, მათთვის ეს მეთოდები გარკვეული მიმართულებით, განსაკუთრებით ეკონომიკის, ფინანსებისა და საბიუჯეტო  სფეროში კონცენტრაციისაკენ იქნება მიმართული“,-აცხადებს ექსპერტი.

რაც შეეხება ბაროზოს განცხადებას, გიორხელიძე თვლის, რომ  ეს არის მცდელობა იმისა, რომ ევროკავშირი უფრო მიმზიდველი გახადონ. „ ეს უნდა იყოს თანაბარი უფლებების მქონე გაერთიანება, რომელსაც კოორდინაციის რაღაც საშუალებები ექნება. აქ ორი ასპექტია. ერთია ის, რომ ეს იდეა მიმზიდველია, მეორეა, თუ რა ფორმით იქნება კონსტიტუციურად ინსტიტუტების თვალსაზრისით  აწყობილი იმ ერთა გაერთიანება, რომელზეც ბაროზო საუბრობს. აქ იდეები კი არ არის მთავარი, აქ მართვის ფორმებია მნიშვნელოვანი. ამისთვის მართვა ეფექტური უნდა იყოს. დღევანდელი ევროკავშირი მართვის თვალსაზრისით აბსოლუტურად არაეფექტურია და ერების კიდევ უფრო დიდი გაერთიანება, თუ ეს მთავარი პრობლემა განხილულ არ იქნა, კიდევ უფრო კარდინალურ პრობლემებს შექმნის“,-ფიქრობს გიორხელიძე.

რაც შეეხება იმას, იქნება თუ არა ახალი ევროკავშირი კონკურენტური დანარჩენი მსოფლიოს ძლიერი ქვეყნების წინააღმდეგ, ექსპერტის აზრით,  ევროკავშირის ლიდერები და დანარჩენი დიდი სახელმწიფოების ლიდერები, რომლებიც ამ კავშირით არიან დაინტერესებულნი, შესანიშნავად გრძნობენ იმას, რომ ყველაზე კეთილდღეობაში მყოფი საზოგადოებების გაერთიანება, პოლიტიკური თვალსაზრისით  ძალიან სუსტია და მისი გავლენა მსოფლიოს მთავარი მოვლენების რეგულირებაში ძალიან მცირეა. „ეს პროცესი თუ გაგრძელდა, ევროკავშირის პოლიტიკური წონა კიდევ უფრო შესუსტდება. ცხადია, ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, აღმოსავლეთით  ჩინეთი და მზარდი ინდოეთი თავის სიტყვას იტყვიან და ევროკავშირისთვის აქ ადგილი დაბრონილი არ არის. ამიტომ სრულიად გასაგებია, რომ ძლიერი ევროკავშირი საჭიროა ბალანსისთვის, იმისთვის, რომ ეს მრავალწლოვანი ცივილიზაციის კერა იყოს ძლიერი, მაგრამ როგორ განხორციელდება ეს  ტექნიკურად, ჩვენ ჯერ არ ვიცით“,-აცხადებს გიორხელიძე.