ტომას მელია: არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისთვის

ტომას მელია: არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისთვის

 „ჩვენ არ ვანიჭებთ უპირატესობას რომელიმე პოლიტიკურ პარტიას და კანდიდატს, ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართული მხარის სურვილს ჩატარდეს თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები“, - ამის შესახებ აშშ-ს უწყებათაშორისი დელეგაციის ხელმძღვანელმა, დემოკრატიის ადამიანის უფლებების დაცვისა და შრომის საკითხებში, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ტომას მელიამ სასტუმრო „რედისონში“ განაცხადა, სადაც საქართველოში ვიზიტი შეაჯამა.

მისი თქმით, მომავალ საპარლამენტო არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისთვის.

შესაბამისად, როგორც ის განმარტავს, აშშ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოში დემოკრატიული არჩევნების პროცესის წარმართვას, რომელიც ქართველი ხალხის ნებას ასახავს.

„ამერიკის დელეგაცია საქართველოში ჩამოვიდა იმისთვის, რომ ხაზი გავუსვათ იმ მნიშვნელობას, რომელსაც ჩვენ დემოკრატიულ საარჩევნო პროცესში ვანიჭებთ, რომელთაც შედეგად ქართველი ხალხის ნების ამსახველი პარლამენტი მოყვება. უკანასკნელი დღეების განმავლობაში ჩვენ შევხვდით საქართველოში მაღალი რანგის პოლიტიკური პარტიების ლიდერებს იმისათვის, რომ საარჩევნო კანონმდებლობა სამართლიანად, მიუკერძოებლად და გამჭირვალედ განხორციელდეს. ასევე გვეთხოვა, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ მიიღოს ამ პროცესში მონაწილეობა, თუმცა ამავე დროს სრული კანონის დაცვით. გზავნილები, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს გადავეცით სრულიად იდენტურია“, - განაცხადა მელიამ.

მისი თქმით, აშშ ელის განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა იმ ლიდერებთან, რომლებსაც ქართველი ხალხი აირჩევს.

„შიდა და საერთაშორისო აღქმა პოლიტიკური კამპანიის, გარემოს სამართლიანობისა, მათ შორის კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის, მედიის ხელმისაწვდომობის, გამჭვირვალებისა და პოლიტიკური ძალების სამართლიანი თამაშის უზრნველყოფისა, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ინდიკატორი იქნება“, - განაცხადა მელიამ.