თეთრიწყაროს რაიონის

თეთრიწყაროს რაიონის "ქართული ოცნების" ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ აქცია გამართა

თეთრიწყაროს რაიონის "ქართული ოცნების" ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ საპროტესტო აქცია გამართა. მათი თქმით, 14 წელია თეთრიწყაროს რაიონს პარლამენტში დავით ბეჟუაშვილი წარმოადგენს, ხოლო ამ პერიოდში, რაიონში ელიტული კორუფცია, ნეპოტიზმი და „ნაციონალური მოძრაობის“ ტირანული მმართველობაა დამყარებული.

„რაიონი წყლის, ბუნებრივი აირის, გზებისა და კანალიზაციის სისიტემის გარეშეა, ხოლო სოფლის მეურნეობის, განათლების, ჯანდაცვის, სპორტისა და კულტურის სფეროებს არანაირი ყურადღება არ ექცევა“, - აცხადებენ ახალგაზრდები.

მათივე განმარტებით, რაიონში მოსახლეობის 99% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და აღნიშნეს, რომ ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც ადგილობრივი მაჟორიტარი დეპუტატი დავით ბეჟუაშვილი მოსახლეობის ხარჯზე მდიდრდება.

„ნაცვლად იმისა, რომ მას მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებაზე ეზრუნა, მან ვითომდა, ჩვენი გულის მოსაგებად, ღვინო და რამდენიმე ცალი ვადაგასული კანფეტი გამოგვიგზავნა. როგორც შემდეგ გაირკვა, მან ტრადიციულად შეცდომაში შეიყვანა მოსახლეობა და ეს ე.წ. „ნობათი“ ბიუჯეტის თანხით შეიძინა“, - აცხადებენ თეთრიწყაროს ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები.

მათივე ცნობით, რაიონის ახალგაზრდები უარს ეუბნებიან ბეჟუაშვილის ღირსების შემლახველ ქმედებებს, პროტესტის ნიშნად, მას თავის „მოწყალებას“ უკან უბრუნებენ და მსგავსი ქმედებისგან თავის შეკავებას ურჩევენ.