გია ხუხაშვილი: „ნაცმოძრაობაში“ კომისრები და ბოლშევიკური აგიტბრიგადების წარმომადგენლები არიან

გია ხუხაშვილი: „ნაცმოძრაობაში“ კომისრები და ბოლშევიკური აგიტბრიგადების წარმომადგენლები არიან

რაც უფრო ახლოვდება არჩევნების დღე, მით უფრო აქტიურად განაგრძობენ  პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მოსახლოებასთან შეხვედრებს. მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან კი აგრესია მათი ოპონენტების წინააღმდეგ ყოველდღიურად იმატებს  და ხელისუფლების პირველმა პირმა მოწინააღმდეგე კლასის განადგურებაზეც ისაუბრა.  ექსპერტი გია ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების ტერმინოლოგია კლასიკური ბოლშევიზმის ნიმუშია, სააკაშვილის პარტია კი, როგორც ბოლშევიკური პარტია ისე ჩამოყალიბდა.

საქართველოს პრეზიდენტი და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მოსახლეობასთან შეხვედრისას მოწინააღმდეგე კლასის განადგურებაზე საუბრობს. რამდენად მისაღებია ეს ფრაზები სახელმწიფოს პირველი პირისგან და თანაც წინასაარჩევნოდ?

-ეს არის კლასიკური ბოლშევიკური ტერმინოლოგია. ეს არის იმ ლენინიზმის ცნობარიდან, რამაც ასე აღაშფოთა ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები. პრეზიდენტის გამოსვლები ადასტურებს იმას, რასაც მასზე საზოგადოება და დასავლეთის წარმომადგენლები ფიქრობენ. სააკაშვილი აღარ არის პრეზიდენტი, ის არის კომისარი, ვერ ხვდება, რომ ამ ყოვლად წარმოუდგენელი განცხადებებით  ის პრობლემას არა სხვას- მოწინააღმდეგე კლასს, არამედ საკუთარ თავს და საკუთარ ამომრჩეველს უქმნის. თუმცა, ჩვენ ამას შეჩვეული ვართ და აღარაფერი აღარ გვიკვირს. ეს პარტია, როგორც ბოლშევიკური პარტია ისე ჩამოყალიბდა, ამ ხელისუფლებას აღარ ჰყავს მინისტრები, მას მხოლოდ კომისრები ჰყავს.

ამავე  ტერმინოლოგიით და ასეთივე აგრესიით საუბრობენ სახელისუფლო ექსპერტები და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები თუ მხარდამჭერები...

- მათ აქვთ ერთი „მესიჯბოსი“ და იქიდან კრიფავენ ყველაფერს, მათ აქვთ დავალება რომ ამ ფორმით უნდა ილაპარაკონ. ეს მათი პრობლემაა. ისინი ექსპერტები არ არიან, ისინი ბოლშევიკური აგიტბრიგადების წარმომადგენლები არიან. ისინი ცდილობენ რომ სიძულვილით გავიდნენ ფონს. ამ ქვეყანაში კი გრძელვადიანი სიძულვილი აბსოლუტურად უპერსპექტივოა, მაინტერესებს მერე სად წავლენ ისინი, როცა ყველაფერი შეიცვლება?

ხელისუფლებას და მიხეილ სააკაშვილს ჰყავს დასავლელი ლობისტები დაქირავებული და არა მარტო საარჩევნოდ, ჰყავთ მრჩევლები,რატომ არ ითვალისწინებს ხელისუფლება, რომ საზოგადოების დიდ ნაწილზე და ამომრჩეველზე,  ეს ყველაფერი უარყოფით ასახვას ჰპოვებს?

-მათ სხვა გზა და სხვა დიაპაზონი არაქვთ. მათ პოზიტივი აღარ გააჩნიათ და მხოლოდ სიძულვილის ენით შეუძლიათ ესაუბრონ საკუთარ მოსახლეობას. პოზიტიური ენერგია ამ პოლიტიკურ ძალას გამოცლილი აქვს. მართალია, ისინი სულ აღმშენებლობაზე საუბრობენ, მაგრამ სინამდვილეში ასეთი ტიპის რესურსი მათ აღარ აქვთ. რაც შეეხება ლობისტებისა და მრჩევლებისთვის დაჯერებას, ჩვენ ვიცით ჩვენი პრეზიდენტის ამბავი, ასეთი ფაზა აღარ იკურნება და ვფიქრობ, რომ ლობისტებისა და მრჩევლებისთვის გადახდილი ფული წყალში გადაყრილია. მაგრამ თავის ჯიბიდან რომ იხდიდეს კიდევ რა უშავს, ეს ჩვენი ჯიბიდან ამოღებული ფულია. დანარჩენი  საზოგადოებასა და ხალხზეა დამოკიდებული და ყველაფერი პირველ ოქტომბერს გამოჩნდება.