საქალაქო სასამართლომ ცესკო–ს წინააღმდეგ

საქალაქო სასამართლომ ცესკო–ს წინააღმდეგ "ქართული ოცნების" სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ქართველი ემიგრანტების საარჩევნო რეგისტრაციასთან დაკავშირებით ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების" სარჩელი  არ დააკმაყოფილა. პროცესს ხელმძღვანელობდა მოსამართლე ნანა დარასელია. მოსარჩელეებს შეუძლიათ გადაწყვეტილება ორი დღის ვადაში, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრონ.

მოსარჩელე - ბლოკის წარმომადგენელი, ზურაბ მარაქველიძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის 9 სექტემბრის 37-ე დადგენილებიდან იმ სიტყვების ამოღებას მოითხოვდა, სადაც აღნიშნული იყო - რომ რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნებოდა „პირადად ან ნოტარიულად დამოწმებული რწმუნებულების საფუძველზე".

მარაქველიძის განმარტებით, აღნიშნული დადგენილება გულისხმობს, რომ უცხოეთში მცხოვრებმა ემიგრანტებმა, რომლებიც საკონსულო აღრიცხვაზე არ არიან, პირადად უნდა წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია საარჩევნო უბანში.

„არალეგალებს აღნიშნული დოკუმენტაციის პირადად წარდგენა გაუჭირდებათ. ამასთან, ემიგრანტებს, რომლებიც იმ ქალაქებში არ ცხოვრობენ, სადაც საარჩევნო უბანია გახსნილი, დოკუმენტაციის პირადად წარდგენასთან დაკავშირებით შესაძლოა, პრობლემები შეექმნათ“, - აცხადებს ის და აღნიშნავს, რომ ამ დოკუმენტის გაგზავნა ფოსტით შესაძლებელია.

ასევე, "ქართული ოცნება" მიიჩნევს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის 37-ე დადგენილება არათანაბარ პირობებში აყენებს საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ და არალეგალ ემიგრანტებს, რაც ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსს და ნორმას ამომრჩეველთა თანასწორუფლებიანობის შესახებ. 

როგორც სასამართლო პროცესის შემდეგ მოსარჩელე ზურაბ მარაქველიძემ განაცხადა, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მოქალაქეები არათანაბარ პირობებში უნდა იყვნენ, რითაც მან მიიღო უკანონო გადაწყვეტილება.