ლაშა ტუღუში: „მისაღებია ხელისუფლების შეთავაზება, რომ სატელიტური ანტენები სოციალურად დაუცველ პიროვნებებს გადაეცეთ

ლაშა ტუღუში: „მისაღებია ხელისუფლების შეთავაზება, რომ სატელიტური ანტენები სოციალურად დაუცველ პიროვნებებს გადაეცეთ

„მედიის ადვოკატირების კოალიციის“ წარმომადგენლის, ლაშა ტუღუშის განცხადებით, უწყებათაშორისი კომისიისა და ტელეკომპანია „მაესტროს“ წარმომადგენლების შეხვედრა დღეს გაიმართება.

ტუღუშის თქმით, ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლების მიერ შეთავაზებული ინიციატივის დეტალების დასაზუსტებლად.

„ჩვენთვის მისაღებია ხელისუფლების შეთავაზება, რომ სატელიტური ანტენები სოციალურად დაუცველ პიროვნებებს გადაეცეთ, ეს მილიონერებისთვის ისედაც არ იყო გათვლილი. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ თემა არ დავტოვეთ ღია არჩევნებამდე, რადგან ეს როგორც ქვეყნის, ასევე ტელევიზიების იმიჯისთვის არ იყო კარგი. ჩვენ აუცილებლად მოვნახავთ გზებს, რომ ეს თემა დავხუროთ“, - განაცხადა ტუღუშმა.

ცნობისთვის, ხელისუფლება თანახმაა, ტელეკომპანია „მაესტროს“ სატელიტურ ანტენებზე ყადაღა მოხსნას, თუ მოსახლეობისთვის მათი დარიგება „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით განხორციელდება. აღნიშნული წინადადება საქართველოს უწყებათაშორისმა კომისიამ „მაესტროს“ გუშინ, კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ შესთავაზა.