არასამთავრობოები თამაზაშვილის მიმართ ღირსების შემლახავი ვიდეორგოლების გავრცელების  შეწყვეტას მოითხოვენ

არასამთავრობოები თამაზაშვილის მიმართ ღირსების შემლახავი ვიდეორგოლების გავრცელების შეწყვეტას მოითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციებმა პოლიტპატიმარ თამაზ თამაზაშვილის მიმართ განხორციელებულ უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევის გამო პროტესტი გამოთქვეს და ხელისუფლებას, უფლებადამცველ საერთაშორისო საზოგადოებას და დიპლომატიურ ორგანიზაციებს მიმართვა გაუგზავნეს.

მიმართვაში ნათქვამია, რომ თამაზ თამაზაშვილის დაპატიმრება  მას შემდეგ მოხდა, რაც ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთდა პოლიტიკური განცხადებები. ამასთანავე არასამთავრობოების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ სახელისუფლებო ტელევიზიებმა ამის შემდეგ დაუსაბუთებელი და ცილისმწამებლური გადაცემების მომზადება დაიწყეს.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ დაუყოვნებლივ შეწყდეს შეურაცმყოფელი, პატივისა და ღირსების შემლახავი ვიდეორგოლების გავრცელება:
„ჩვენ არასამთავრობო უფლებადამცველი ორგანიზაციები გამოვთქვამთ პროტესტს პოლიტიკურ პატიმრად აღიარებული თამაზ თამაზაშვილის მიმართ ყოველდღიურად უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევის გამო. ვგულისხმობთ ხელისუფლების მიერ მომზადებულ ვიდეო სარეკლამო რგოლებს, რომლითაც თამაზ თამაზაშვილის პატივისა და ღირსების შემლახავი, უდანაშაულობის პრეზუმციის ხელმყოფი კომენტარები კეთდება.
ამ ფაქტმა გადაგვაწყვეტინა მივმართოთ საგანგებო განცხადებით ხელისუფლებას,ასევე უფლებადამცველ საერთაშორისო საზოგადოებას და დიპლომატიურ ორგანიზაციებს და ყურადღება მივაპროთ შემდეგ ფაქტებს:
2011 წლის 11 ოქტომბერს ე.წ. სამართალდამცველებმა, უსაფუძვლოდ, პოლიტიკური ნიშნით დააკავეს პოლიციის გენერალი თამაზ თამაზაშვილი. იგი 236-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით გასამართლდა, რაც იარაღის უკანონო შეძენა - შენახვა - ტარებას მოიცავს. თამაზ თამაზაშვილის პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულად აღიარება მოხდა სწორედ იმის გამო, რომ სასამართლო განხილვის დროს, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა თამაზ თამაზაშვილის მიმართ წარდგენილ ბრალდებას. ამის მიუხედავად გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი იქნა სასამართლოს მიერ.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ თამაზ თამაზაშვილის დაპატიმრება მოხდა მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთდა პოლიტიკური განცხადებები. თამაზ თამაზაშვილის სიძე კი იმ დროისათვის ფონდ ,,ქართუს“ პრეზიდენტი იყო. თამაზ თამაზაშვილის დაკავების შემდეგ, სახელისუფლებო ტელევიზიებმა, დაიწყეს დაუსაბუთებელი , ცილისმწამებლური გადაცემების მომზადება. სპეციალურ სიუჯეტში თამაზ თამაზაშვილი, პოლიციის გენერალი დადანაშაულებული იქნა ნარკოვაჭრობის ხელშეწყობასა და მონაწილეობაში,ადამიანების გატაცებაში, პანკისის ხეობაში გამაგრებულ კრიმინალებთან თანამშრომლობაში, ასევე მის სახელს დაუკავშირა ყოველგვარი უსამართლობა რაც ე. წ. ,, გაი’’-ში საგზაო პოლიციაში ხდებოდა 96-2001წლებში.მომზადებული სიუჟეტი ქმნიდა ეფექტს, რომ თითქოს თამაზ თამაზაშვილი იყო არამხოლოდ დამნაშავე, არამედ ერთადერთი დამნაშავე და მონაწილე ყოველგვარ უკანონობაში.
თითოეული ადამიანი , რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უდანაშაულოდაა მიჩნეული მანამ, სანამ მისი დანაშაული არ დამტკიცდება ღია სასამართლო პროცესზე ბრალდებულის დაცვისათვის აუცილებელი კანონით გათვალისწინებული ყველა საპროცესო გარანტიის დაცვით. პოლიტპატიმარი თამაზ თამაზაშვილი ისე ცხადდება სარეკლამო ვიდეო რგოლებით კრიმინალად, ნარკომოვაჭრედ, ადამიანების გამტაცებლად, ფინანსური მაქინაციების განმხორციელებლად, რომ მსგავს დანაშაულზე გამოძიება არც არასოდეს ჩატარებულა და არც პროკურატურას წაუყენებია მისთვის ბრალი.
თამაზ თამაზაშვილს გადაცემული აქვს მედალი მხედრული მამაცობისათვის, შსს-ს მიერ 45-ჯერ დაჯილდოვდა მადლობითა და სიგელით, ამათგან უმეტესობა მიღებული აქვს კახეთის მასშტაბით (მათ შორის პანკისის ხეობა) ჩატარებული ათეულობით, წარმატებული სპეცოპერაციისა და ასზე მეტი კრიმინალის , ადამიანების გამტაცებლების,ნარკომოვაჭრეების დაკავების გამო. აღნიშნული დამსახურებისათვის ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა, ამჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა, წარმატებული სპეცოპერაციების განხორციელებისათვის. 1996-2001 წლებში ის იყო პოლიციის

ერთადერთი მაღალჩინოსანი, რომელიც ღიად , საჯაროდ , მედიის მოშვეობით საუბრობდა ხელისუფლებასა და ნარკომოვაჭრეებს, ადამიანების გამტაცებლებს შორის არსებულ გარიგებებზე.
ამ ფონზე კი სრულიად ნათელი ხდება, რომ სატელევიზიო, სარეკლამო ვიდეო რგოლები არღვევს საქართველოს კონსტიტუციით და ევროპის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციით დაცულ უდანაშაულობის პრეზუმციას თამაზ თამაზაშვილის მიმართ.
აღნიშნულის გამო მოგმართავთ დაუყოვნებლივ შეწყდეს და აიკრძალოს პოლიტპატიმარ თამაზ თამაზაშვილის შეურაცმყოფელი, პატივისა და ღირსების შემლახავი, უდანაშაულობის პრეზუმციის დამრღვევი ვიდეო რგოლების გავრცელება სატელევიზიო მედია საშუალებებით“, - აღნიშნულია მიმართვაში.

მიმართვას ხელს აწერენ ორგანიზაციები: „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“, მოძრაობა „არა“ და პატიმართა უფლებების დაცვის საქველმოქმედო ფონდის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვის ასოციაცია.