აუდიტის სამსახურმა უწყებათაშორის დელეგაციას პარტიების ფინანსური მონიტორინგის მეთოდოლოგია გააცნო

აუდიტის სამსახურმა უწყებათაშორის დელეგაციას პარტიების ფინანსური მონიტორინგის მეთოდოლოგია გააცნო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური დირექტორის აუდიტორის, ლაშა თორდიას განცხადებით,  სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ამერიკის შეერთებული შტატების უწყებათაშორის დელეგაციას პარტიების ფინანსური მონიტორინგის მეთოდოლოგია გააცნო. ამის შესახებ მან ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე თომას მელიასა და უწყებათაშორის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე სტუმრები დაინტერესდნენ სამსახურის ხედვებითა და მეთოდოლოგიით, ასევე მათ შეკითხვები ჰქონდათ ცალკეულ პარტიებთან დაკავშირებით. 

„ჩვენი მიზანია, მუდმივად გავაცნოთ საერთაშორისო საზოგადოებას კონკრეტული ხედვები, რომელთა მეშვეობითაც უნდა იქნას უზრუნველყოფილი ფინანსური გამჭვირვალობა, ამიტომ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს დიპლომატიურ კორპუსთან. დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ ცდილობს სახელმწიფო აუდიტის სამსახური პარტიების ფინანსური გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტებით უზრუნველყოფას და ასევე ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენი მიზანია სამართალდაღვევების პრევენცია - თუ რა მეთოდებით ვცდილობთ ავირიდოთ სანქციები კონკრეტულ პარტიებთან მიმართებაში", - აღნიშნა ლაშა თორდიამ. 

შეხვედრა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში საათზე მეტ ხანს გაგრძელდა

ამერიკის უწყებათაშორისო დელეგაციის წევრებს შეხვედრის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებიათ. დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე თომას მელია საქართველოში სამდღიანი ვიზიტის შედეგებს დღეს 15:45 საათზე დაგეგმილ პრესკონფერენციაზე შეაჯამებს.