ვეფხვაძე:  დღეს სახეზეა ე.წ. ოლიგოპოლია, როდესაც ორი ფინანსურად ძლიერი სუბიექტი  მთელი პოლიტიკური სივრცის განაწილებას ცდილობს

ვეფხვაძე: დღეს სახეზეა ე.წ. ოლიგოპოლია, როდესაც ორი ფინანსურად ძლიერი სუბიექტი მთელი პოლიტიკური სივრცის განაწილებას ცდილობს

 ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, დღეს სახეზეა ე.წ. ოლიგოპოლია, როდესაც ორი ფინანსურად ძლიერი სუბიექტი ცდილობს მთელი პოლიტიკური სივრცე გაინაწილოს.

აღნიშნული განცხადება ლევან ვეფხვაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.  

„ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ იმ პოლარიზაციაზე, რომელიც პოლიტიკურ სივრცეშია და ამ პოლარიზაციიდან გამომდინარე იმ ხარვეზებზე რაც საარჩევნო კამპანიას თან დევს.

თუ წინა არჩევნებში მონოპოლიური გარემო იყო, როდესაც ერთი სუბიექტი იყო და ყველანაირ რესურსს ის ფლობდა, ახლა ჩვენ ე.წ. ოლიგოპოლია გვაქვს –-ორი ფინანსურად ძლიერი სუბიექტი ცდილობს გაინაწილონ მთელი პოლიტიკური სივრცე, მათ შორის, მედიასაშუალებები და არასამათავრობო ორგანიზაციები. ამის შედეგად ცდილობენ შექმნან განწყობა, რომ მხოლოდ თეთრსა და შავს შორის არის არჩევანი, რომელიც ამომრჩეველმა უნდა გააკეთოს. მიგვაჩნია, რომ ასეთი ტიპის არჩევანი სრულყოფილი და ადეკვატური არ იქნება საზოგადოებრივი განწყობების, რადგან ჩვენი ელექტორატის მესამედი ჯერ კიდევ ჩამოყალიბებული არ არის. იმისათვის, რომ სრულყოფილი კომუნიკაცია მოხდეს აუცილებელია თანაბარი წვდომა გვქონდეს მედიასაშუალებებში“, - აღნიშნა ვეფხვაძემ.

მისივე თქმით, შეფასებების კუთხით საერთაშორისო ორგანიზაციებს უნდა ენდონ, ისეთ ორგანიზაციებს როგორიც ევროსაბჭოა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაცია საქართველოს გუშინ ესტუმრა.