„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან  შეხვედრა გამართეს

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრა გამართეს

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო დელეგაციას შეხვდნენ. შეხვედრა ევროპის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის ოფისში გაიმართა.

კოალიციის მხრიდან შეხვედრას ბიძინა ივანიშილი, დავით უსუფაშვილი, კახა კალაძე და თეა წულუკიანი ესწრებოდნენ.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, დელეგაციის წევრებმა კარგად იცოდნენ საქართველოში არსებული პრობლემები, თუმცა, ბევრი კითხვებიც ჰქონდათ.

„ევროსაბჭოს წინასაარჩევნო დელეგაციას რეალური მდგომარეობა დავანახეთ. ეს ყველაფერი საშუალებას მოგვცემს, რომ 1 ოქტომბერს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად დემოკრატიულის მსგავსი არჩევნები ჩატარდეს. მოსახლეობას ჰქონდეს საშუალება აირჩიოს ის, ვისაც უფრო მეტად ენდობა. ვეცდებთ, მოვახერხოთ და ეს ხმები დავიცვათ“, - განაცხადა ივანიშვილმა.

უსუფაშვილის განცხადებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია არჩევნების ყველაზე გავლენიანი შემფასებელია.

მისი თქმით, ისინი დინტერესდნენ, თუ რაში გამოიხატება ხელსუფლების მხრიდან ადმინისტრაციული საარჩევნო რესურსის გამოყენება.

„დაინტერესდნენ იმითაც, თუ როგორ მოხდა, რომ მთელ ქალაქში ბილბორდები მხოლოდ ერთ პარტიას შეხვდა. ასევე,  რა მოხდა სატელიტურ თეფშებთან დაკავშირებით. იყო საუბარი სასამართლოებზეც. მათ გამოთქვეს სურვილი და იმედი, რომ საპარლამენტო არჩვნების შედეგ კოალიციის წარმომადგენლები, როგორც მათი კოლეგები, ევროპულ ასპარეზზე გავაგრძელებთ ურთიერთობას“, - განაცხდა  უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტოს ასამბლეის დელეგაცია საქართველოს გუშინ ეწვია. მათ დღეს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები აქვთ დაგეგმილი.