მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ გვექნება კარგი არჩევნები და შემდგომი აღმშენებლობა

მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ გვექნება კარგი არჩევნები და შემდგომი აღმშენებლობა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხარაგაულში იმყოფება. პრეზიდენტი მოსახლეობას შეხვდა და მათ სიტყვით მიმართა.

სააკაშვილის განცხადებით, რუსეთის სურვილია, რომ არჩევნების შემდეგ ქვეყანაში  არეულობა იყოს,  თუმცა, ამაზე ქართულმა საზოგადოებამ სამი დღის წინ გასცა პასუხი.

„დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა საქართველოს ოკუპანტმა, თუ რა სურს: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომ მათ სურთ, არჩევნების შემდეგ საქართველოში არეულობა. იმ განცხადების საპასუხოდ, როცა ევროპელებმა თქვეს, რომ ჩვენ გვინდა, საქართველოში ჩატარდეს კარგი არჩევნები, მათ განაცხადეს: არჩევნები არ იქნება კარგი, მაგრამ მერე იქნება კარგი არეულობა. ნურას უკაცრავად, ჩვენმა ხალხმა ამას 3 დღის წინ გასცა პასუხი. ჩვენ გვექნება კარგი არჩევნები და შემდგომი აღმშენებლობა, იმიტომ, რომ ბევრია საქართველოში კიდევ ასაშენებელი. არიან ადამიანები, რომლებსაც გრძელი სია აქვს დასანგრევი ობიექტების, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რამდენი ათწლეული ინგრეოდა ჩვენი ქვეყანა და რამდენი რაიონია, სადაც ჯერ კიდევ პროგრესი არ შესულა ოჯახებში“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით,  ხარაგაულში სტუმრობისას მას დოქი აჩუქეს, რომლითაც 1-ელ ოქტომბერს გამარჯვების სადღეგრძელოს შესვამს.

„მე მომცეს თქვენი განთქმული კერამიკული ნაწარმი, დოქი და 1-ელ ოქტომბერს ჩვენი გამარჯვების სადღეგრძელოს ამ დოქით შევსვამ“,  მიმართა პრეზიდენტმა ხარაგაულელებს.