კალანდაძე: რუსეთის საგარეო უწყების განცხადება ბილდტის გამონათქვამებზე შიდა პოლიტიკაში ჩარევის მცდელობაა

კალანდაძე: რუსეთის საგარეო უწყების განცხადება ბილდტის გამონათქვამებზე შიდა პოლიტიკაში ჩარევის მცდელობაა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო კალანდაძე რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, კარლ ბილდტის გამონათქვამებთან დაკავშირებით ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევად აფასებს და აღნიშნავს, რომ ასეთი კრიტიკული გამონათქვამი იმის მცდელობაა, რომ მათ ხელი აფათურონ ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში და აქტიურად იყვნენ ჩვენი ქვეყნის ბედის წარმართვის უშუალო მონაწილეები.

მისი განმარტებით, რუსეთს საქართველოს დასავლელი პარტნიორების მხრიდან განსხვავებული მოლოდინები არ უნდა ჰქონოდა.
„მე არ მგონია, რომ მათ რაიმე განსხვავებული მოლოდინი ჰქონოდათ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი კოლეგების მხრიდან, იმდენად, რამდენადაც, ყველა ცივილიზებული წარმომადგენელი აღიარებს, რომ დაუშვებელია მესამე ქვეყნის შიდა პოლიტიკაში აქტიურად ჩარევა ისე, როგორც ამის სურვილი აქვს რუსეთს", - განაცხადა ნინო კალანდაძემ რუსთავი 2-ის ეთერში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კარლ ბილდტის მოწოდებას ქართული ოპოზიციისადმი "უცნაურად" მიიჩნევს, - რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა განაცხადა. როგორც ლუკაშევიჩი აცხადებს, ქართული ოპოზიცია, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, ქუჩის დემონსტრაციების უშედეგობაზე კარლ ბილდტმა საქართველოში ვიზიტისას გააფრთხილა. 

ოპოზიციის წარმომადგენლები, კერძოდ, ლევან ვეფხვაძე და თინა ხიდაშელი ვერ იხსენებენ, სად გააკეთა ბილდტმა ის განცხადება, რომელზეც რუსული მხარე საუბრობს.