ქართული ეკლესია იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს აღნიშნავს

ქართული ეკლესია იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს აღნიშნავს

იოანე ნათლისმცემელი, სახარებების (მათე, მარკოზი) თანახმად, იესო ქრისტეს უახლოესი წინამორბედი, რომელმაც მესიის (ქრისტეს) მოსვლა იწინასწარმეტყველა. ცხოვრობდა უდაბნოში (ძველი აღთქმის წინასწარმეტყველის ელიას მსგავსად), ამხელდა საზოგადოების ბიწიერებას და მოუწოდებდა მონანიებისაკენ. მონათლა მრავალი ებრაელი, აგრეთვე იესო ქრისტე მდ. იორდანეში. იოსებ ფლავიუსის (ახ. წ. I საუკუნე) ცნობით, იოანე ნათლისმცემელი ჰეროიდე I-ის (I საუკუნის I ნახევარი) თანამედროვე იყო. ჰეროდემ თავისი საყვარლის ჰეროდიადას საამებლად იოანე ნათლისმცემელი საპყრობილეში ჩასვა, შემდეგ კი თავი მოაკვეთინა.ჰეროდე ანტიპა ტახტზე ასვლისა თუ დაბადების დღეს ზეიმობდა. ეს დღესასწაული, ლოგიკის თანახმად, დედაქალაქ ტიბერიადაში უფრო უნდა გამართულიყო, ვიდრე მახერუნში; მახარებლები ამაზე არაფერს ამბობენ, მაგრამ იოსებ ფლავიუსის მიხედვით, იოანე ნათლისმცემელს სწორედ მახერუნში მოჰკვეთეს თავი. თუ როგორ მოხდა ეს, ყველამ იცის - ღრეობა, სადაც სალომეას ცეკვის სანაცვლოდ ნებისმიერი სურვილის ასრულება აღუთქვეს, საპყრობილეში ჯალათის წარგზავნითა და იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთით დაგვირგვინდა.

ამ დღიდან ჰეროდე ანტიპას ცხოვრებიდან სამუდამოდ გაქრა სიხარული. გვირგვინოსანს შიში და სინდისის ქენჯნა მოსვენებას არ აძლევდა. სწორედ ამიტომ იყო, რომ როდესაც მან იესო ქრისტეს მოღვაწეობის შესახებ შეიტყო, თქვა: ეს არისო იოანე ნათლისმცემელი, რომელსაც მე თავი მოვკვეთე; „იგი აღდგომილ არს მკვდრეთით და მისთვის იქმნებიან ძალნი ესე მის თანა“ (მათე 14:2).

ამ ამბიდან ძალიან მალე, იესო ქრისტეს უკანასკნელ პასექზე, ანტიპას კიდევ ერთხელ მიეცა ბრწყინვალე შესაძლებლობა, გაეკეთებინა უდიდესი სიკეთე, შესაძლებლობა, რომლის მსგავსი არც ერთ მოკვდავს არ მისცემია, პონტოელი პილატეს გარდა - მას შეეძლო, იესო ჯვარცმისგან ეხსნა. მაგრამ ჰეროდეს მსგავსიც არაფერი ჩაუდენია - საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებსა და ამბიციებს ვერ შეელია. გალილეის მეოთხედმთავარს ერთი სიტყვით შეეძლო, შეეცვალა კაცობრიობის ისტორია და გამოესყიდა იოანე ნათლისცემლის სისხლი, მაგრამ იგი ასე არ მოიქცა. მესია ჯვარს აცვეს.