„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ცესკოს მიმართავს და მათ  რეაგირებას ითხოვს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ცესკოს მიმართავს და მათ რეაგირებას ითხოვს

2012 წლის 30 აგვისტოს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” საქართველოს სამთავრობო პროგრამის - „მეტი სარგებელი ხალხს” (metisargebeli.ge) ვებგვერდზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სარეკლამო ვიდეოკლიპის არსებობის ფაქტი დააფიქსირა.

არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ეს ქმედება არღვევს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმადაც სახელმწიფო ხელისუფლების დაწესებულებებისათვის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ფინანსდებიან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენება რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ ითვლება ადმინისტრაციული რესურსების უკანონო გამოყენებად და 88-ე მუხლის მიხედვით ექვემდებარება დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.

აქედან გამომდინარე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ აღნიშნული დარღვევის შესახებ 30 აგვისტოსმიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

„იმავე დღეს ტელეკომპანია „მაესტროს” ეთერში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გავიდა სიუჟეტი, სადაც ნათლად ჩანს სამთავრობო პროგრამის ვებგვერდზე განთავსებული პოლიტიკური რეკლამა.

4 სექტემბერს ცესკოდან მივიღეთ პასუხი, სადაც აცხადებენ, რომ ჩვენს მიერ მიწოდებულ ინტერნეტ ბმულიდან შეუძლებელია რაიმე სახის ინფორმაციის მიღება და დამატებითი ინფორმაცია არის საჭირო“,- აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე ცნობით, როგორც გაირკვა, ცესკოსთვის აღნიშნული წერილის გაგზავნის შემდეგ უცნობი მიზეზით ვებგვერდმა www.metisargebeli.ge ფუნქციონირება შეწყვიტა და შესაბამისად მასზე ინფორმაციის გადამოწმება შეუძლებელი გახდა. 
„თუმცა, ჩვენ მიერ გადაღებული ე.წ. „სქრინშოთი“ და ტელეკომპანია „მაესტროს” სიუჟეტი ნათლად ადასტურებს 30 აგვისტოს მდგომარეობით სამთავრობო პროგრამის ვებ-გვერდზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო რეკლამის არსებობის ფაქტს“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიმართავს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოახდინოს საარჩევნო კოდექსის 88-ე მუხლით გათვალისწინებული რეაგირება, დამატებითი ინფორმაციის გათვალისწინებით.