საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის გავლა   12 და 13 სექტემბერს შეეძლებათ

საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის გავლა 12 და 13 სექტემბერს შეეძლებათ

ცესკოს სპიკერმა ეკატერინე აზარაშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგი გამართა. აზარაშვილის განცხადებით, საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დამატებითი რეგისტრაციის გავლა ხვალიდან შეეძლება.

„საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით ცესკომ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვით საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ საარჩევნო რეგისტრაცია დამატებით გაიარონ 12 და 13 სექტემბერს. ამისათვის საჭიროა, რომ ისინი გამოცხადდნენ საზღვარგარეთ შექმნილ საარჩევნო უბნებზე და წარადგინონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

იმ ამომრჩევლებმა, რომლებიც იდგნენ საკონსულო აღრიცხვაზე და არჩევნების დღეს იქნებიან საქართველოში, საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის მოთხოვნით უნდა მიმართონ სამოქალაქო რეესტრის ნებისმიერ სააგენტოს ან საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს“, - განაცხადა აზარაშვილმა.

მისი თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლებისთვის მაქსიმალურად უზრუნველყოფს როგორც ქვეყნის შიგნით ისე საზღვრებს გარეთ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას.