სოსო ცისკარიშვილი: კოსოვოს მაგალითის გამოყენება აფხაზეთთან მიმართებაში, რუსეთის გარდა თავში არავის მოსვლია

სოსო ცისკარიშვილი: კოსოვოს მაგალითის გამოყენება აფხაზეთთან მიმართებაში, რუსეთის გარდა თავში არავის მოსვლია

 საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოების მისიამ გუშინ პრიშტინაში კოსოვოს სრული დამოუკიდებლობა აღიარა. რამდენად შეიძლება აღმოჩნდეს ეს გადაწყვეტილება საფრთხის შემცველი აფხაზეთთან მიმართებაში და ხომ არ ფიქრობს საერთაშორისო საზოგადოება, რომ აფხაზეთთან მიმართებაშიც შესაძლებელია მსგავსი მიდგომის გამოყენება? ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ფიქრობს, რომ კოსოვოს მაგალითის გამოყენება აფხაზეთთან მიმართებაში, რუსეთის გარდა თავში არავის მოსვლია და საერთაშორისო საზოგადოებას არა ერთი არგუმენტი გააჩნია იმის განსასხვავებლად, თუ რა  ურთიერთგამომრიცხავი მიდგომებია  აფხაზეთისა და კოსოვოს მიმართ.

ექსპერტი ფიქრობს, რომ რუსეთისთვის საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოების მისიის ეს აღიარება  კიდევ ერთი არგუმენტი იქნება იმისთვის, რომ მის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება გაამყაროს.

 „როდესაც დაიწყო კოსოვოს დამოუკიდებლობაზე საუბარი, რუსეთმა საკმაოდ გამჭვირვალე, მუქარის შემცველი განცხადებები გააკეთა და სწორედ აფხაზეთი იგულისხმებოდა ამ განცხადებების სამიზნედ. ევროპული ინტეგრაციის ფორუმმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ , საერთაშორისო კონფერენციაც მოიწვია ამ საკითხთან დაკავშირებით 2007 წელს.  ჩვენ დეტალებში განვიხილეთ დიპლომატიურ კორპუსთან ერთად ეს პრობლემა და მივედით იმ დასკვნამდე, რომ თვალის დახუჭვა ასეთ საფრთხეზე იქნება საქართველოსთვის წამგებიანი. არ მგონია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავისი მიდგომა უნდა შეცვალოს კოსოვოს არ აღიარებასთან დაკავშირებით და რუსეთს კი შეუძლია კოსოვოს და აფხაზეთის აღიარება. საქართველოს და რუსეთის ინტერესები ამ შემთხვევაში ნამდვილად არ დაემთხვევა ერთმანეთს“,-აცხადებს ცისკარიშვილი.

ექსპერტის განმარტებით, რუსეთს საკუთარი შინაგანი საფრთხე გააჩნია იმ უამრავი ავტონომიების გათვალისწინებით, რომელიც მას საკუთარ ტერიტორიაზე დაუტოვა ამხანაგმა სტალინმა. სამხრეთ ოსეთის აღიარებით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის ხელისუფალნი საერთაშორისო ასპარეზზე წუმპეში აღმოჩნდნენ, რადგან არ აქვთ პასუხი იმაზე, 2008 წლამდე უფრო მაღალი იურიდიული სტატუსის მქონე ჩრდილო ოსეთი,  რატომ არის დღემდე ავტონომია რუსეთის შემადგენლობაში და უფრო დაბალი სტატუსის მქონე სამხრეთ ოსეთი, რატომ გახდა დამოუკიდებელი რესპუბლიკა.

„რუსეთს ამაზე პასუხი არ აქვს. ვლადიმერ პუტინი პირად საუბრებში არ მალავს, რომ სამხრეთ ოსეთი მისი თავის ტკივილია, მაგრამ გამოსავალი რუსეთის ხელისუფლებამ თავად უნდა მონახოს, რომელიც, როგორც ჩანს, უახლოეს წლებში არ აპირებს მისი უფლებამოსილების გადაბარებას ვინმესთვის“,-განმარტავს ცისკარიშვილი.

რაც შეეხება იმას, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი ხშირ და პირად შეხვედრებს მართავს არა მარტო იმ სახელმწიფოების წარმომადგენლებთან, რომლებმაც აფხაზეთი აღიარეს, არამედ დასავლეთ სახელმწიფოების პოლიტიკურ თუ ბიზნესწრეების წარმომადგენლებთანაც, ექსპერტის განმარტებით,დასავლეთის მიერ აფხაზეთის აღიარების  საშიშროების გამოსარიცხად, საჭიროა საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი თავი გამორიცხოს სამომავლო პერსპექტივებზე მსჯელობისას, რადგან დღევანდელი საქართველოს პოლიტიკა აფხაზეთის მიმართ არის საკუთარი დაყრუების და დაბრმავების რეალობა და სიჯიუტე წაყენებულ წინაპირობებთან დაკავშირებით.

 „ჩვენ ვსაუბრობთ მუდმივად ოკუპირებულ ტერიტორიებზე და არ გვინდა გავითვალისწინოთ ფაქტი, რომ ამ ტერიტორიებზე გარდა რუსი ოკუპანტებისა, ცხოვრობენ და იცხოვრებენ აფხაზები. მოსახლეობა არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს ჩვენი  ხელისუფლებისთვის, მაგრამ ნუ იეჭვიანებენ აფხაზები და ოსები, რადგან არც ქართული მოსახლეობა წარმოადგენს რაიმე ღირებულს დღევანდელი ქართული ხელისუფლებისთვის“,-აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.