თბილისელები ქუთაისში ბინებს ვერ ქირაობენ

თბილისელები ქუთაისში ბინებს ვერ ქირაობენ

ქუთაისში თბილისიდან ჩასულები ბინებს ვერ შოულობენ. ამ შაბათ–კვირას პარლამენტის აპარატის რამდენიმე თანამშრომელი ქუთაისში ბინის დასაქირავებლად იყო ჩასული, თუმცა, უშედეგოდ. პარლამენტის სიახლოვეს საშუალო დონის ბინის დაქირავება  თითქმის უკვე შეუძლებელია,  ქუთაისის ცენტრში კი ბინები საგრძნობლად გაძვირდა.

ქუთაისში, პარლამენტის სიახლოვეს, ირაკლი აბაშიძის გამზირზე, ადრე ბინის  დაქირავება თუ 50 ლარი ღირდა, ახლა 300 ლარიდან იწყება. გარემონტებული და კეთილმოწყობილი ბინის დაქირავება კი მინიმუმ 300 დოლარიდან იწყება.  

წლების წინ, ქუთაისში, პარლამენტის შენობათან ახლოს სამმოთახიანი ბინის ყიდვა 15 ათას დოლარად შეიძლებოდა, ახლა კი ფასი 60 ათასიდან იწყება.

ამდენად, იმ თანამშრომლებს, რომლებსაც თბილისიდან ქუთაისში სამუშაოდ გადაბარგება მოუწევთ, საკმაოდ დიდი გარჯა ელით, რომ ბინები იქირაონ. ჯერჯერობით, პარლამენტის აპარატის თითქმის ყველა თანამშრომელს აიმედებენ, რომ ქუთაისში სამუშაოდ წაიყვანენ. არადა, მათ ნაწილს სამსახურს ან აღარ შესთავაზებენ, ან ვისაც შესთავაზებენ, მათი ნაწილი თავად იტყვის უარს, რადგან ბინის დასაქირავებლად ხელფასის დიდი ნაწილის გადახდა მოუწევთ. ამას დაემატება ქუთაისიდან თბილისში, ოჯახში ჩამოსასვლელად მგზავრობის თანხები, რაც მათ შემოსავალს საკმაოდ დაარტყამს.  

ეს საკითხი მძიმედ არ აისახება მომავალი დეპუტატების ჯიბეებზე, რადგან მათ ჯერ ერთი მაღალი ხელფასები ექნებათ და მეორეც, მომავალ პარლამენტში საკმაოდ ბევრი შეძლებული მოხვდება, რომელთაც ეს პრობლემა საერთოდ არ შეაწუხებთ.

პარლამენტის აპარატში ახლა დაახლოებით 600-მდე თანამშრომელი მუშაობს, ყველა მათგანი ერთი ამოცანის წინაშე დგას, ან თბილისში მოძებნოს ახალი სამსახური ან ქუთაისში საცხოვრებელი ბინა.

სანამ აპარატის თანამშრომლები ამ ამოცანის გადაჭრის წინაშე დგანან პარლამენტში სხდომათა დარბაზის ნგრევა მიმდინარეობს. პარლამენტის სხდომათა დარბაზში აღარ არის მაგიდები, სპიკერატში არსებული ტრიბუნები მთლიანად მოშლილია და ბოლო დღეების განმავლობაში ე.წ. „ბალგარკის“ ხმა ისმის.

ამ კვირის ბოლოს სხდომათა დარბაზის დემონტაჟის პროცესი დასრულდება, რის შემდეგაც პარლამენტში არსებული ბიუროს დარბაზის ნგრევა დაიწყება.