პეტრე ცისკარიშვილი: ორი სპეცრაზმელი და ერთი ექიმი სპეცოპერაციის დროს, დაჭრილი სამხედროს გამოყვანისას მოკლეს

პეტრე ცისკარიშვილი: ორი სპეცრაზმელი და ერთი ექიმი სპეცოპერაციის დროს, დაჭრილი სამხედროს გამოყვანისას მოკლეს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში წინასაარჩევნო დებატების დროს განაცხადა, რომ ორი სპეცრაზმელი და ერთი ექიმი ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურის გამოყვანისას მოკლეს.

ცისკარიშვილმა დებატებში მონაწილე პოლიტიკური ოპონენტის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატ თეა წულუკიანის შეკითხვის „რამდენად მკაცრად აუცილებელი იყო ამ ტიპის ოპერაციის ჩატარება“ პასუხად განაცხადა, „მეც ვიყავი გატაცებული და ზუსტად ვიცი, რა გრძნობა დაეუფლებოდათ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც კბილებამდე შეიარაღებული პირების ულტიმატუმის მოსმენა უწევდათ. ოპერაციის განხორციელების დროს დაიჭრა ჩვენი ერთ-ერთი სპეცრაზმელი, რომელიც შემდეგ პრეზიდენტმა მოინახულა. სწორედ მისი გამოყვანის ოპერაციის დროს დაიღუპა ორი სამხედრო და ექიმი. სროლის დროს მოგვიკლეს ბიჭები. მკაცრად აუცილებელი არ იყო დივერსანტთა ლიკვიდაციაზე გადასვლა?! თუ უნდა დაგვეხურა ქუდი და მიგვეცა მათთვის თავისუფლად გადაადგილებისა და მოქმედების საშუალება?!“,- განაცხადა ცისკარიშვილმა.

ცისკარშვილის თქმით, ქართველის იდეალი სამშობლოს და მისი მოქალაქეების დაცვაა. „ქართველი სწორედ ამ იდეალისთვის იბადება“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.