ეკა ბესელია პოლიტიკურ ოპონენტს დებატებში იწვევს

ეკა ბესელია პოლიტიკურ ოპონენტს დებატებში იწვევს

ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი კანდიდატი ეკა ბესელია ოპონენტს ნაციონალური მოძრაობიდან თენგიზ სარიშვილს დებატებში იწვევს.

„ვთავაზობ ჩემს ოპონენტს, ბატონ სარიშვილს, დავჯდეთ ერთად პირდაპირ ეთერში და დებატების ფორმატში ნახოს ფოთის მოსახლეობამ, ვინ რას სთავაზობს ამომრჩეველს და ვინ, როგორ ხედავს ამ ქალაქის უკეთეს მომავალს. ფოთელებმა კარგად იციან, ვინ არის სარიშვილი და რა გაუკეთებია მას ქალაქისთვის. ის არის ქალაქის საკრებულოს წევრი, თუმცა მისი დებატები არასოდეს უნახავთ.

მნიშვნელობა არ აქვს, სად გაიმართება დებატები, დრო და ადგილი თავად სარიშვილმა შეარჩიოს. არგუმენტირებულად დაუსაბუთოს ფოთელებს, რატომ არის დღეს ეს ქალაქი ასეთ სავალალო მდგომარეობაში. ქალაქში არ არის არც გზები, არ წყალი და არც ინფრასტრუქტურა. ამ ყველაფერზე, როგორც საკრებულოს წევრს, პასუხისმგებლობა თავად სარიშვილსაც ეკისრება. თქვას სარიშვილმა, კონკრეტულად რომელი პრობლემა მოგვარდა მისი ინიციატივით“, - აცხადებს ეკა ბესელია და იმედს იტოვებს, ხელისუფლების მიერ მის საპირწონედ დაყენებული კანდიდატი კონკურენტი ქალბატონის შემოთავაზებას არ გაექცევა.

„იმედია, სარიშვილი არ შეუშინდება ჩემს გამოწვევას და შეძლებს ფოთელების წინაშე წარსდგომას, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.