ივანიშვილი: თუ ხელისუფლება ჩვენს მოწოდებას არ გაიზიარებს არჩევნების შედეგებს არც ჩვენ ვაღიარებთ და არც საერთაშორისო თანამეგობრობა

ივანიშვილი: თუ ხელისუფლება ჩვენს მოწოდებას არ გაიზიარებს არჩევნების შედეგებს არც ჩვენ ვაღიარებთ და არც საერთაშორისო თანამეგობრობა

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოში წინასაარჩევნოდ შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, კოალიციის პოზიციას საერთაშორისო თანამეგობრობა გაითვალისწინებს. ამის შესახებ კოალიციის ლიდერმა, დღეს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ივანიშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება კოალიციის შეთავაზებებს არ გაითვალისწინებს და ამის დიდი ალბათობა არსებობს, მაშინ საკმარისი საბუთები და მტკიცებულებაა იმისა, რომ ეს არჩევნები დემოკრატიულად არ ჩაითვალოს.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება თავიანთ მოქმედებებს შეცვლის და კოალიციის მიმართვას გაითვალისწინებს, ივანიშვილი აცხადებს, რომ არჩევნების ნებისმიერ შედეგს აღიარებენ.

„თუ ხელისუფლება გააგრძელებს ასეთ ქმედებებს, არ გაიზიარებს ჩვენს მიმართვას და საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებას, ამ არჩევნების შედეგებს არც ჩვენ ვაღიარებთ და არც საერთაშორისო თანამეგობრობა. შესაბამისად, მათ არანაირი რესურსი არ გააჩნიათ და უარესს შედეგს მიიღებენ ვიდრე წაგებული არჩევნებია. ჩვენ დაპირისპირებაზე არანაირ მოწოდებას არ გავაკეთებთ. ქართული პოლიცია და ჯარი ქართველი საზოგადოების წინააღმდეგ არ წავა. ჩვენ კანონიერად დავიცავთ ჩვენი ამომრჩევლის ხმებს და ადამიანის უფლებებს“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, არჩევნებამდე დარჩენილ დროში ისინი სიტუაციას არ გაამწვავებენ და ჩვეულებრივ მოქმედებას გააგრძელებენ.

„ჩვენ არც არჩევნებამდე და არც არჩევნების შემდეგ არ ვაპირებთ სიტუაციის გამწვავებას, დაპირისპირებასა და სამოქალაქო ომს. ჩვენ კანონის ფარგლებში და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით მოვახერხებთ ვაიძულოთ ხელისუფლება ხალხის რეალური ნება ცნონ“, - განაცხადა მან.