ვიქტორ დოლიძე: ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას და ამ გზით ხელისუფლებაში დარჩენას ვეღარ მოახერხებს

ვიქტორ დოლიძე: ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას და ამ გზით ხელისუფლებაში დარჩენას ვეღარ მოახერხებს

"ჩვენ ყოველგვარ კონსტიტუციურ და სამართლებრივ მექანიზმებს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ წინ აღვუდგეთ ძალადობას და გაყალბებას“, - ეს განცხადება კოალიცია „ქართული ოცნების“ ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ვიქტორ დოლიძემ დღეს For.ge - ს პრესკლუბში ჟურნალისტებთან  შეხვედრისას გააკეთა.

მისი თქმით, ჩუღურეთში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე საზოგადოება აღნიშნავს, რომ გაყალბების საკითხი მათი ნომერ პირველი პრობლემაა. როგორც დოლიძე აცხადებს, ადამიანები, რომელსაც ისინი ხვდება მათ მხარდაჭერას უცხადებენ.

„ხალხი მუდმივად გვეუბნება, რომ ყველაფერს გაუძლეს, ყველანაირ გაჭირვებას, მაგრამ უსამართლობას ვერ შეეგუებიან ვერასდროს. ისინი მხარდაჭერას აღგვითქვამენ, მაგრამ თან გვეკითხებიან, იმედები კიდევ ერთხელ ხომ არ გაუცრუვდებათ. მიხეილ სააკაშვილი ყველანაირად შეეცდება არჩევნების გაყალბებას და ამ გზით ხელისუფლების შენარჩუნებას, მაგრამ ჩვენ შემუშავებული გვაქვს მექანიზმები, რითაც ამისგან თავს დავიცავთ. ამავე დროს, ჩვენი კოალიციის ლიდერმა არაერთხელ ცალსახად განაცხადა, რომ თუკი არჩევნები იმ დოზით გაყალბდება, რომ ამას არჩევნების შედეგებზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, ჩვენ არ ვაპირებთ ქუდი დავიხუროთ და სახლში წავიდეთ. ჩვენ ყველა სამართლებრივი, კონსტიტუციური მეთოდით წინ აღვუდგებით ამგვარ გაყალბებას და ერთხელ და სამუდამოდ აუცილებლად დაისჯება ყველა, ვინც ხელს აფათურებს პიროვნების თავისუფლების უფლებაში“, - ამბობს დოლიძე.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ საკმაოდ მობილიზებულია და თითოეულ საარჩევნო უბანზე კოალიციას საკმაოდ სოლიდური წარმომადგენლობა ეყოლება. კერძოდ, ეს იქნება ორი კომისიის წევრი, ერთი წარმომადგენელი, ერთი დამკვირვებელი და ასევე ერთი დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციიდან. გარდა ამისა, უბნის გარეთად იქნება კოალიციის აქტივი, რომელიც მშვიდად დააკვირდება პროცესს. ამასთანავე, ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ უკლებლივ ყველა ამომრჩეველი, რომელთანაც ის შეხვედრებს მართავს, მზადყოფნას გამოთქვამს, რომ არჩევნების დღეს, ხმის მიცემის შემდეგ კოალიციის აქტივთან ერთად დარჩეს საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე და დააკვირდეს პროცესს.

„ისინი გვეუბნებიან, რომ ჩვენს აქტივთან ერთად შევლენ არჩევნებზე, გააკეთებენ თავისუფალ არჩევანს, მერე კი, როცა საარჩევნო უბნიდან გამოვლენ, ჩვენს გვერდით დადგებიან და ჩვენთან ერთად დაიცავენ საკუთარ ხმებს. მე ასეთი გულანთება, ასეთი იმედი, რომელიც მათში კარგა ხანია ჩაისახა, ძალიან მახარებს. მათ აქვთ განცდა, რომ ამ პროცესების თანამონაწილენი უნდა გახდნენ. ამიტომ ბუნებრივია ამ ხმებს ამის საშუალებით დავიცავთ“, - განაცხადა დოლიძემ.

მისივე განმარტებით, ეხლა საზოგადოება ბევრად უფრო მობილიზებულია, ვიდრე წლების წინ იყო და აღნიშნა, ამაში დიდი წვლილი „ქართულმა ოცნებამ“ შეიტანა.

 გარდა ამისა, დეპუტატობის კანდიდატის თქმით, კოალიციას შემუშავებული აქვს სპეციალური მექანიზმი თუ როგორ შეიძლება ამ ხმების დაცვა. მისი თქმით, თუ არჩევნები გაყალბდება და ეს ასახვას ჰპოვებს საბოლოო შედეგებზე, ისინი „ქუდის დახურვასა და სახლში წასვლას“ არ აპირებენ, ამიტომ მათ მიერ შემუშავებული მექანიზმის გამოყენებას აპირებენ.

„მინდა გითხართ, რომ ეს მექანიზმი მდგომარეობს შემდეგში - თითოეულ საარჩევნო უბანზე კოალიციას ეყოლება საკმაოდ სოლიდური წარმომადგენლობა. იქნება 2 კომისიის წევი, ერთი წარმომადგენელი, ერთი ჩვენი დამკვირვებელი და 1 არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებელი. ანუ შიგნით უბანზე სულ 5 ადამიანი გვეყოლება. გარდა ამისა, გარეთ ჩვენი აქტივი იქნება, რომლებიც აბსოლუტურ   კონსტრუქციულ  და მშვიდ გარემოში დააკვირდებიან პროცესს“, - განაცხადა მან.

დოლიძე აცხადებს, რომ არჩევნებზე, ქვეყანაში არსებული იმ დაუსჯელობის სინდრომს, რომელიც სააკაშვილმა შექმნა ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოეღება და აღნიშნა, რომ ადამიანები, რომლებიც ამომრჩევლებს არ აძლევენ  თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალებას, კანონის საფუძველზე დაისჯებიან.

 „ამ ხალხს აქვს განცდა, რომ პროცესის თანამონაწილე უნდა იყოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რაც მე ძალიან მახარებს. ამდენად, ამ მექანიზმებით ჩვენ აუცილებლად დავიცავთ ხმებს. - აღნიშნავს ვიქტორ დოლიძე.

მისი თქმით, კოალიციაში კარგად იციან, რომ საარჩევნო სია და არჩევნების პროცესი იდეალური არ იქნება და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის პირობებში ამის გაკეთება არის შეუძლებელი.

„მე არ ვამბობ, რომ საარჩევნო სია, ან არჩევნები იქნება იედეალური, რადგან მიხეილ სააკაშვილის პირობებში ეს შეუძლებელია. ის კარგად ხედავს, რომ არჩევნებს აგებს და რა თქმა უნდა, შეეცდება გაყალბებას“ ,- აცხადებს დოლიძე და საზოგადოებას არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდებს. და აცხადებს, რომ რაც უფრო მეტი რიგი დადგება საარჩევნო უბნებზე, გაყალბებამინიმუმადე იქნება დაყვანილი.

„ჩვენ მუდმივად ვეუბნებით ჩვენს ამომრჩეველს, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი მოვა არჩევნებზე და რაც უფრო მეტი ადამიანი დააკვირდება ამ პროცესს, ბუნებრივია, მით უფრო მინიმუმამდე იქნება ეს გაყალბება დაყვანილი.

საზოგადოების განწყობიდან ხელისუფლება მიხვდა, რომ არჩევნები წაგებული აქვს და შესაბამისად არჩევნების  გაყალბება მათ ინტერესებში შედის, მაგრამ ეს არ უნდა აისახოს არჩევნების საბოლოო შედეგებზე.  ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას და ამ გზით ხელისუფლებაში დარჩენას ვეღარ მოახერხებს“, - აცხადებს  დოლიძე.