პაატა ზაქარეიშვილი: სააკააშვილს სჩვევია, ყოველივე წარუმატებელი პროექტის თავის სასარგებლოდ გამოყენება

პაატა ზაქარეიშვილი: სააკააშვილს სჩვევია, ყოველივე წარუმატებელი პროექტის თავის სასარგებლოდ გამოყენება

კონფლიტოლოგი, პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, გუშინ ლაპოტის ხეობაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საკმაოდ ბევრი შეკითხვა დაგროვდა. საბოლოო დასკვნის და სრულფასოვანი შეფასება  კი მისი აზრით, ასეთ დროს შეუძლებელია.

ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ბუნებრივად  რაღაც პროცესები კვლავ მიმდინარეობს და აღნიშნავს, რომ ამ პროცესებს სააკაშვილი თავის სასარგებლოდ და წინასაარჩევნო კონტექსტში იყენებს.

„ჩრდილო კავკასიაში მიმდინარე პროცესები სააკაშვილის მხრიდან პოლიტიკური შინაარსის გამოყენების მცდელობაა. როგორც მე ვხედავ, საქართველოს ტერიტორიაზე ხელისუფლების ნებართვით გარკვეული შეიარაღებული ფორმირებები იყვნენ შემოსულები. მაგრამ მათი საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა გამოიყენა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის და მოხდა ინციდენტი, რომელიც ვფიქრობ, არ უნდა მომხდარიყო. თუმცა სააკაშვილს ზოგადად სჩვევია, ყოველივე წარუმატებელი პროექტის თავის სასარგებლოდ გამოყენება“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა.

ექსპერტი აცხადებს, რომ ხელისუფლების განცხადებები, სადაც ისინი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოპონენტების აზრს აკრიტიკებენ და მიიჩნევენ, რომ ისინი უსაფუძვლო და უზნეო შეფასებებია, არაარგუმენტირებულია.

მისი თქმით, ხელისუფლება უამრავ ტყუილშია შემჩნეული, როცა ისინი ერთს აცხადებდნენ და მეორე ხდებოდა. ექსპერტის თქმით, პრეზიდენტი ხალხს პირდებოდა, რომ ცხინვალს დავიბრუნებდით ერთ თვეში, დევნილებს აფხაზეთში რამდენიმე თვეში დავაბრუნდებით და აღნიშნავს, რომ დღემდე არაფერი შესრულებულა. ამიტომ ექსპერტი აცხადებს, რომ რას აცხადებს ხელისუფლება, მისთვის ამ შემთხვევაში უინტერესოა.

„მე ვარ ექიმივით, არ მაინტერესებს რას ამბობს ავადმყოფი, მე მაინტერესებს ანალიზები. ანალიზი კი აჩვენებს, რომ ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია  და ასეთ მდგომარეობაში სწორედ სააკაშვილის გამო ჩავვარდით. ამიტომ ისინი რას ამბობენ, მეორეხარისხოვანია. რაც უფრო მეტად არ მოვუსმენთ მათ, მით უფრო სუფთა შედეგს მივიღებთ. ამიტომ სჯობს არ მოვუსმინოთ, ვიდრე მოვუსმინოთ და დრო დავკარგოთ მათი ფანტაზიების გაშიფვრაში“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.