„თავისუფალი საქართველო“ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას მიმართავს

„თავისუფალი საქართველო“ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას მიმართავს

„თავისუფალი საქართველო“ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას სოლიდარობისკენ მოუწოდებს. ამასთან დაკავშირებით პარტიამ დღეს განცხადება გაავრცელა.

 განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში წინა საარჩევნო პროცესები საყოველთაოდ აღიარებული დემოკრატიული პრინციპების სრული უგულებელყოფით მიმდინარეობს. მათი თქმით, ამასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელეს როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ასევე ეუთოს წარმომადგენლებმა.

 „პარტიების დაფინანსების წესებთან დაკავშირებით ბოლოს მიღებული კანონი, პირდაპირ წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან და არღვევს მე-2 თავით აღიარებულ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

 პარტიაში აცხადებენ, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა (პ/გ „თავისუფალი საქართველო“, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის“, სოციალ-დემოკრატიული პარტია, საქართველოს მწვანეთა პარტია, ტრადიციონალისტთა კავშირი) საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანეს ერთობლივი სარჩელი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ცალკეული მუხლების ანტი-კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით.

 „აღსანიშნავია, რომ სარჩელის შეტანიდან 3 თვე გავიდა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლო მიზანმიმართულად აჭიანურებს მის განხილვას. ცალსახაა, რომ სასამართლო ცდილობს, 1-ლ ოქტომბერს დანიშნულ არჩევნებამდე არ მოხდეს ამ კანონის ანტი-კონსტიტუციურად ცნობა, ვინაიდან სწორედ ეს კანონია ხელისუფლების ხელში ოპოზიციის შევიწროვების მთავარი ბერკეტი“, - აღინიშნა განცხადებაში.

 „თავისუფალი საქართველო“ საზოგადოებას სალოდარობისკენ, საკონსტიტუციო სასამართლოს კი სარჩელის დროული და ობიექტური განხილვისკენ მოუწოდებს.