გიორგი მელითაური: დევნის ოპერაცია   ყველა შემთხვევისათვის ჩასატარებელი იყო

გიორგი მელითაური: დევნის ოპერაცია ყველა შემთხვევისათვის ჩასატარებელი იყო

სამხედრო ექსპერტის გიორგი მელითაურის შეფასებით,  რუსეთ-საქართველოს საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთთან ლოპოტას ხეობაში ხელისუფლების მიერ, დევნის ოპერაციის განხორციელებას ლოგიკური საფუძველი ჰქონდა.

„პირველ რიგში, სამწუხაროა ის შედეგი, რაც ამ სპეცოპერაციას მოჰყვა. ვგულისხმობ,  ჩვენი 3 თანამებრძოლის დაღუპვას, მაგრამ სპეცოპერაცია რატომ დასრულდა მსხვერპლით, კონკრეტულად, რა მოხდა, რატომ დამთავრდა უშედეგოდ მოლაპარაკებები, რომელსაც ამ ე.წ. ბანდ დაჯგუფებასთან აწარმოებდნენ,   ეს სხვა საკითხია. მიუხედავად ამისა, ყველა შემთხვევისათვის,  ოპერაცია ჩასატარებელი იყო.  გამორიცხული იყო მძევლები ამ დაჯგუფების ხელში  დატოვებულნი ყოფილიყვნენ. რა თქმა უნდა,  გასათავისუფლებელი იყო ის ხალხი და არავითარ შემთხვევაში არ იყო დასაშვები ეს დაჯგუფება სავარაუდოდ,  ისევ დაღესტნის ტერიტორიაზე დაბრუნებულიყო, რითაც საბაბი მიეცემოდა იგივე რუსეთის მხარეს განეცხადებინათ, რომ ქართულ ტერიტორიაზე ტერორისტები, ბაევიკები და რაღაც ამდაგვარი მზადდება“, - განაცხადა მელითაურმა.

მელითაურს სანდოდ მიაჩნია, უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას განცხადება, რომლის თანახმადაც,  გატაცებული ახალგაზრდები მძევლებად ჯერ მესაზღვრეთა პატრულმა, შემდეგ კი, შსს-ის ოფიცრებმა ჩაანაცვლეს.

„ეს მსგავს შემთხვევებში ლოგიკურია და მიღებული პრაქტიკაა, როდესაც სამოქალაქო პირები სამართალდამცავ ორგანოების წარმომადგენლებზე იცვლებიან“, - განაცხადა მელითაურმა.

მისი თქმით, საზოგადოებისა და ექსპერტთა ნაწილის განცხადებაში, რომელთა თქმითაც არა გატაცება არამედ, გატაცების ინსცენირება მოხდა, ლოგიკური არაფერია.

 „კი ბატონო,  დავუშვათ,  მაგრამ რა ლოგიკას ხედავენ ამაში? როდესაც ჩვენი მხიდან  სამი ადამიანია დაღუპული და  ხუთი დაჭრილი, მეორე მხრიდან კი,  11 ადამიანია დაღუპული. ამ შემთხვევაში, რა ინსცენირებაზეა საუბარი ჩემთვის ცოტა  გაურკვეველია“, - განაცხადა მელითაურმა.

შეკითხვის პასუხად, ამ აუცილებლობიდან გამომდინარე, როგორ აფასებს, რამდენად წარმატებით ჩატარდა სპეცოპერაცია აცხადებს, რომ წარმატებაზე ამ შემთხვევაში,  ცოტა რთულია საუბარი, (გარდაცვლილების გამო) თუმცა როგორც ლოკალური სპეცოპერაცია წარმატებული იყო.

 „სპეცოპერაციის წარმატებაზე ცოტა რთულია საუბარი, იმიტომ რომ არ გვაქვს ინფორმაცია კონკრეტულად რა ვითარებაში დაიღუპნენ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები. მიუხედავად იმისა, რომ ამ ციფრების უკან ადამიანები დგანან, ეს გარკვეულწილად,  შეიძლება  როგორც წარმატებულ  ლოკალურ  სპეცოპერაციად შეფასდეს“, - განაცხადა  მელითაურმა.