სააკაშვილი: მერე გავცემ პასუხს იმ ადამიანებს, ვისაც საკუთარი ღირსება არ გააჩნიათ და ყველაფერი ჰგონიათ დადგმული

სააკაშვილი: მერე გავცემ პასუხს იმ ადამიანებს, ვისაც საკუთარი ღირსება არ გააჩნიათ და ყველაფერი ჰგონიათ დადგმული

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ღუდუშაურის კლინიკაში სპეცოპერაციისას დაჭრილი სპეცრაზმელი, ზურაბ ზურაბიშვილი  მოინახულა. პრეზიდენტმა დაჭრილ ჯარისკაცს თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა  და აღნიშნა, რომ ასეთ გმირებზე დგას საქართველო.

„ეს ბოლო დღეები არის ნამდვილი გმირობის ძალიან მაგარი მაგალითი. ჩვენ ჩვენ მებრძოლებს არსად არ ვტოვებთ. ყველანაირ რთულ სიტუაციაშიც კი, ეს არის ჩვენი მთავარი პრინციპი“, - განაცხადა პრეზიდენტმა

სააკაშვილის თქმით, ზურაბიშვილის გადარჩენა დაჭრილებისა და სისხლის ფასად მოხდა. მისი თქმით, ის და სხვა ჩვენი მესაზღვრეები და პოლიციის თანამშრომლები,  ის ადამიანები არიან, რომლებიც დიდი რისკის ფასად, ჩვენს მძევლებს ჩაენაცვლნენ.

„მთავარია ჩვენს ქვეყანაში უმეტესობა არის ზურაბიშვილის ნაირი გმირი. ამიტომ იყო, რომ საქართველო ყოველთვის თავს აღწევდა უბედურებებს და ასე იქნება მერეც“, - განაცხადა მან.

პრეზიდენტი იმ ადამიანებსაც გამოეხმაურა, რომელთაც „ყველაფერი ჰგონიათ დადგმული და ჩაწყობილი“ და აღნიშნა, რომ ადამიანები, რომლებიც ამას ფიქრობენ ღირსება არ აქვთ.

„მე მერე გავცემ პასუხს იმ ადამიანებს, ვისაც საკუთარი ღირსება არ გააჩნიათ და ყველაფერი ჰგონიათ დადგმული, ჩაწყობილი თუ ყურით მოთრეული. იმიტომ რომ ასეთ ადამიანებს არ გააჩნიათ ეს ღირსება და ვერ წარმოუდგენიათ, რომ ადამიანს შეიძლება უყვარდეს სამშობლო და მისთვის სწირავდეს თავს“, - განაცხადა მან.

36 წლის ზურაბ ზურაბიშვილი ნაღმზე აფეთქების შედეგად დაიჭრა. დაჭრილს ღუდუშაურის კლინიკაში სამ საათიანი ოპერაცია ჩაუტარეს.

 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, 36 წლის ზურაბ ზურაბიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომშიც მონაწილეობდა და მას ორჯერ აქვს მიღებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდო, მედალი "მხედრული მამაცობისათვის“.