ხიზანიშვილი: ლოპოტას ხეობაში ოპერაციის ძირითადი ფაზა დასრულებულია

ხიზანიშვილი: ლოპოტას ხეობაში ოპერაციის ძირითადი ფაზა დასრულებულია

„ლოპოტას ხეობაში ოპერაციის ძირითადი ფაზა დასრულებულია“, - ამის შესახებ თელავის პოლიციის შენობაში დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილე შოთა ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპერაციის დროულად დასრულება გუშინ ნისლის გამო ვერ მოხერხდა და აღნიშნა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია. 

„შეიარაღებული დაჯგუფების 12 წევრიდან 11-ის გვამი უკვე ნაპოვნია, სავარაუდოდ, რამდენიმე დაჭრილი ტყეში იმყოფება“, - განაცხადა მან.

ხიზანიშვილის განცხადებით, გარდაცვლილების ცხედრებს მათი რელიგიური მრწამსის მიხედვით დაკრძალავენ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, სად დაკრძალავენ. 

შს მინისტრის მოადგილის ცნობით, შეიარაღებული დაჯგუფების ზოგიერთი წევრი ჩრდილოეთ ოსეთიდანაა. ბრიფინგზე ხიზანიშვილს ოპერაციის სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.

საქართველო-დაღესტნის საზღვართან, ლოპოტას ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაცია 28 აგვისტოს დაიწყო. ოფიციალური ინფორმაციით, ოპერაციისას დაღუპულია შსს-ს ორი თანამშრომელი და სამხედრო ექიმი, დაჭრილია 5 ქართველი სპეცრაზმელი. ასევე, ოფიციალური სტრუქტურები იუწყებოდნენ, რომ 11 დივერსანტი ლიკვიდირებული იყო, 6 კი - ალყაში.