სოზარ სუბარი „ნაცმოძრაობის“ დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის  წინააღმდეგ, გამოძიების დაწყებას ითხოვს

სოზარ სუბარი „ნაცმოძრაობის“ დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წინააღმდეგ, გამოძიების დაწყებას ითხოვს

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი  „ნაციონალური მოძრაობის“ დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის  ზურაბ ოტიაშვილის წინააღმდეგ, გამოძიების დაწყებას ითხოვს.

სუბარმა დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის თაობაზე განცხადება დღეს  საქართველოს მთავარ პროკურატურაში  შეიტანა.

მისი განცხადებით, ზურაბ ოტიაშვილმა 25 აგვისტოს ვაჟაობის დღესასწაულზე ერთ-ერთ ამომრჩეველს საჩუქრად 500 ლარი გადასცა. მისი თქმით, ეს ამომრჩევლის მოსყიდვაა, ხოლო პროკურატურამ ამასთან დაკავშირებით გამოძიება უნდა დაიწყოს.

„აღნიშნული ფაქტი გაშუქდა მედია საშუალებებით და ის მოწმეთა ჩვენებებითაც დასტურდება. ანალოგიისთვის მაგალითს მოვიყვან - მიხეილ მესხმა, მიხეილ ამაშუკელმა და ჩხენკელმა მოქალაქეებს არასწორად მიუთითეს თუ როგორ უნდა შეევსოთ ბუკლეტები კონკრეტული მატერიალური შემოწირულობის მიღების მიზნით და მათ ეს ამომრჩევლის მოსყიდვაში ჩაუთვალეს. მოვითხოვთ კანონის თანაბარ მიდგომას ყველა სუბიექტისადმი“, -განაცხადა სუბარმა.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამავე საკითხზე განცხადებით უწყებათაშორის კომისიასა და ცესკოსაც მიმართავენ.