გადაუღებელი წვიმის შედეგად,  გურიაში სახლები დაიტბორა

გადაუღებელი წვიმის შედეგად, გურიაში სახლები დაიტბორა

გურიაში  დილის 5 საათიდან გადაუღებლად წვიმდა. ძლიერი წვიმის შედეგად,  ოზურგეთსა და ლანჩხუთში სახლები დაიტბორა.  გადაუღებელი წვიმის გამო,  ოზურგეთის ზოგიერთ უბანში დიდი რაოდენობით ნალექი დაგროვდა. სადრენაჟო სისტემამ მისი გატარება ვეღარ შეძლო. ათეულობით ოჯახს კი წყალმა პირველი სართულები და სარდაფები დაუტბორა. ადგილობრივთა განცხადებით,  წყლის სიმაღლემ ზოგან ერთ მეტრსაც მიაღწია. წყალმა ზოგიერთ ოჯახს საყოფაცხოვრებო ნივთები დაუზიანა. დატბორილია აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორია. პრობლემები შეიქმნა ნიგოეთისა და ჩოჩხათის ოლქებში.

ამჟამად გურიაში აღარ წვიმს. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები სახლებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს ახორციელებენ.