“თავისუფალი საქართველო“ არ გამორიცხავს, რომ ლოპოტას ხეობის ოპერაცია წინა საარჩევნოდ დაგეგმილ პროვოკაციას წარმოადგენდეს

“თავისუფალი საქართველო“ არ გამორიცხავს, რომ ლოპოტას ხეობის ოპერაცია წინა საარჩევნოდ დაგეგმილ პროვოკაციას წარმოადგენდეს

პოლიტიკური პარტია “თავისუფალი საქართველო“ არ გამორიცხავს, რომ ლოპოტას ხეობის ოპერაცია წინა საარჩევნოდ დაგეგმილ პროვოკაციას წარმოადგენდეს.

 პარტიის განცხადებით, 29 აგვისტოს, გვიან ღამით, ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა ლოპოტას ხეობაში, საქართველო-რუსეთის საზღვართან დაიწყეს სპეც-ოპერაცია, რომლის დეტალებიც ამ დრომდე გასაიდუმლოებულია. ოფიციალური ვერსიით, ოპერაციის მიზანს ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილი შეიარაღებული ჯგუფის დევნა წარმოადგენს. ცნობილია, რომ ოპერაციას უკვე მოჰყვა მსხვერპლი და არიან დაჭრილებიც ორივე მხრიდან. საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ღუდუშაურის კლინიკასა და გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც სამოქალაქო პირების და ჟურნალისტების შესვლა აკრძალულია.

 პარტია „თავისუფალი საქართველო“ მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს სპეც-ოპერაციისას გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.

 „თავისუფალი საქართველოს“ სარწმუნო ინფორმაციით, მოსალოდნელი ინციდენტის შესახებ ხელისუფლებისთვის ჯერ კიდევ 1 კვირით ადრე იყო ცნობილი. ამდენად, პარტია არ გამორიცხავს, რომ სპეც-ოპერაცია წარმოადგენდეს ხელისუფლების მიერ დაგეგმილ პროვოკაციას, რაც ემსახურება წინასაარჩევნოდ ხელოვნურად დესტაბილიზაციის შექმნასა და ოპოზიციის წინააღმდეგ მასშტაბური პოლიტიკური რეპრესიების დაწყებას.

 მით უფრო, რომ უკვე რამდენიმე თვეა, სპეც-სამსახურების თანამშრომლები საზოგადოებაში მიზანმიმართულად ავრცელებენ ხმებს, რომ მოსალოდნელია, ოპოზიციის ხელშეწყობით, საქართველოში რუსული ჯარის შემოჭრა (აჭარის რეგიონში გამოვლენილია 2 პროვოკატორი, რომელიც ამგვარ დეზინფორმაციას ავრცელებდა „თავისუფალი საქართველოს“ სახელით). ამასთან დაკავშირებით, პარტიამ საგანგებო განცხადება 2 აგვისტოს გააკეთა:  ttp://freegeorgia.ge/?lang=1&menuid=30&id=2356

პარტია თხოვნით მიმართავს საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს განახორციელონ გამოძიების მონიტორინგი, რათა გამოირიცხოს ხელისუფლების მხრიდან ყოველგვარი პროვოკაციის მცდელობა.