„ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ

„ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ

ხელვაჩაურის რაიონში,  სოფელ სიმონეთსა და აგარაში მოსახლეობასთან შეხვედრა  კოალიცია  „ქართული ოცნების“ ხელვაჩაურის დეპუტატობის კანდიდატმა როსტომ ხალვაშმა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატმა თემურ კახიძემ გამართა.

„ეს არის ურთულესი პირობები.  ალბათ,  ჩვენს ქვეყანას ამაზე რთული დრო არც ჰქონია. ჩვენ ყოველშემთხვევაში,  მონებად ქცეულნი არ ვიყავით. დღეს, ფაქტიურად, ეს თემა ისე მუსირებს, რომ ყველა მიდის ქვეყნიდან, რათა ორი კაპიკი იშოვონ. აქედან გამომდინარე,  ჩვენ ყველაფერი უნდა დავგეგმოთ ისე, რომ ხელისუფლებში მოსვლის შემთხვევაში, გლეხმა უკეთესად იცხოვროს“, - განაცხადა ხალვაშმა.

„ქართული ოცნების“ აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ქობულეთში ფატი ხალვაში და ანზორ თხილაიშვილი წინასაარჩევნოდ მოსახლეობას შეხვდნენ. მათ ადგილობრივების პრობლემები მოისმინეს და კოალიციის გეგმებზე ისაუბრეს. მოსახლეობას, კერძოდ, გარემოვაჭრეებს გაზრდილი საბაზრო გადასახადები აწუხებთ და აღნიშნავენ, რომ ნავაჭრი თანხა მხოლოდ ბეგარას ხმარდება, ოჯახში კი პურის მიტანა უჭირთ.

ასევე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი  მანანა კობახიძე. მან  სოფელ არგვეთისა და იტავაზის მოსახლეობას თავისი  სამოქმედო გეგმა გააცნო.

„სოფლის პრობლემა უნდა გადაწყვიტოს სოფლის თვითმმართველობამ, რაიონის თვითმმართველობამ და სწორად დაგეგმილმა ბიუჯეტმა. სოფელს რაც სჭირდება,  ეს მოსაცდელი იქნება,  წყალი თუ გაზი  ადგილზე უნდა წყდებოდეს და მოსახლეობა თბილისში გაგზავნილ წერილს არ უნდა ელოდებოდეს“, - განაცხადა კობახიძემ.