დაჭრილი სპეცრაზმელების  სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

დაჭრილი სპეცრაზმელების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

კახეთში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაჭრილი სპეციალური დანიშნულების სამსახურის 5 წარმომადგენლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ლოპოტას ხეობაში დაღესტნის ტერიტორიიდან გადმოსული დივერსანტების წინააღმდეგ სპეცოპერაციის მიმდინარეობისას დაჭრილ სპეცრაზმის  თანამშრომელს ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში ქვედა კიდურზე ოპერაცია ჩაუტარდა.

„ერთ-ერთი ჯარისკაცი ღუდუშაურის კლინიკაში კახეთიდან დილით ვერტმფრენით მიიყვანეს. მას ქვედა კიდურზე ღია ჭრილობა აღენიშნება. ექიმების გადაწყვეტილებით ჯარისკაცს ქირურიგიული ოპერაცია ჩაუტარდა და კიდურის ამპუტაცია საჭირო აღარ გახდა“, - განაცხადა მან.

მინისტრისა და კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, დაჭრილი სამხედრო ნეიროქირურგის, ქირურგისა და ტრავმატოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

შსს-მ დააკონკრეტა საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაღუპული სამი მოქალაქის ვინაობა. 

კერძოდ, გარდაცვლილია თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ექიმი ვლადიმერ ხვედელიძე და შსს-ს თანამშრომლები - სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი.