ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაღუპულების ვინაობა ცნობილია

ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაღუპულების ვინაობა ცნობილია

საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაღუპული სამივე მოქალაქის ვინაობა ცნობილია. ამის შესახებ შს სამინისტროს განცხადებიდან გახდა ცნობილი.

სამინისტროს ცნობით, გარდაცვლილები არიან შსს-ს თანამშრომლები - სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი. ასევე, გარდაიცვალა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ექიმი ვლადიმერ ხვედელიძე. 

„შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოთქვამს მწუხარებას და უსამძიმრებს სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს. გარდაცვლილები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები წიკლაური სოლომონი და ჩოხელი არჩილი. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ექიმი ხვედელიძე ვლადიმერი“, - ნათქვამია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს-მ ლაფანყურში მძევალთა გათავისუფლების სპეცოპერაცია დაასრულა. დივერსანტთა ჯგუფის დევნის ოპერაცია კი, გრძელდება. 

ლაფანყურის ტყეში მიმდინარე სპეცოპერაციის შედეგად დივერსანტთა ჯგუფის 11 წევრია ლიკვიდირებული. დევნის ოპერაციის განხორციელების დროს სპეცდანიშნულების რაზმის 3 თანამშრომელი დაიღუპა და 5 დაიჭრა.