ტელეარხი NBC შემოგვთავაზებს სერიალს, რომელიც სირანო დე ბერჟერაკის ისტორიის თანამედროვე ვერსია იქნება. პროქტის სამუშაო სახელწოდებაა „სირანო“. სერიალი ეთერში ერთსაათიან ეპიზოდებად გავა. სცენარის ავტორია მაიკლ ოუტს პალმერი.
როგორც ჩაფიქრებულია, „სირანო“ იქნება რომანტიული კომედია პოლიტიკური ქვეტექსტებით. სირანო დე ბერჟერაკი პარიზში დაიბადა ადვოკატისა და თავადის ოჯახში. სწავლობდა იეზუიტთა კოლეჯში, მსახურობდა მეფის გვარდიაში, წერდა ლექსებს, პამფლეტებს. მისი პოლიტიკური შეხედულებები არათანმიმდევრული იყო. სამაგიეროდ ურყევი გახლდათ მისი ზნეობრივი პრინციპები – სირანოს უყვარდა სამშობლო, მეფე, მეგობრები.
მას გრძელი ცხვირი ჰქონდა, რაც ხშირად გამხდარა სისხლიანი შეტაკების მიზეზი. საკმარისი იყო, მისთვის სიტყვა „ცხვირი“ გეხსენებინათ, რომ უმალ ხმალზე იტაცებდა ხელს. თანამედროვენი მას დიდ ბავშვს ეძახდნენ. მართლაც ბავშვივით ალალი და გულუბრყვილო იყო, არაფრის ეშინოდა და არავის ეპუებოდა. როგორც ამ ყაიდის ადამიანთა უმრავლესობა, არაერთხელ ყოფილა შეყვარებული. სირანოს სასიყვარულო თავგადასავლები ბევრ რომანსა თუ ფილმს დაედო საფუძვლად.
ფრანგი დრამატურგის ედმონ როსტანის პიესა „სირანო დე ბერჟერაკი", რომელიც 1897 წელს დაიწერა მსოფლიო ლიტერატურის ოქროს ფონდშია შესული. პირველად როსტანის ეს პიესა 1897 წელს, პარიზში დაიდგა. მსოფლიო დრამატურგიის ყველაზე რომანტიული გმირი, მეომარი და პოეტი სირანო დე ბერჟერაკი, კი ყველასათვის საყვარელი გმირი გახდა.
როსტანის „სირანო დე ბერჟერაკი" არაერთხელ ყოფილა ეკრანიზებული. ფრანგულ ეკრანიზაციაში, რომელიც 1990 წელს გამოვიდა, მთავარ როლს ჟერარდ დეპარდიე ასრულებს.
ვინ ითამაშებს NBC -ის სერიალში მთავარ როლს ჯერჯერობით უცნობია.