ახალი მემარჯვენეები გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქალაქის შესასვლელში ყოფილ "ატეკის" შენობასთან იმყოფებოდა, სადაც ათეული წლებია შენობა დგას და არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს.
დეპუტატობის კანდიდატი აცხადებს, რომ მსგავსი ტიპის შენობები ბევრია გორში, რომელიც დღეს გამოუყენებელია და შენობების შესახებ ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროში ხელმიუწვდომელია.
„ხელისუფლების მხრიდან დასაქმების პოლიტიკა მხოლოდ ქაღალდზე არსებობს, როგორც დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ შემოგვთავაზა დასაქმების სამინისტროს შექმნით“, - განაცხადა მან.
ბორცვაძემ დღესვე გორში სამუშაო ადგილების შექმნის გეგმა წარადგინა და აღნიშნა, რომ მასში დეტალურად არის გაწერილი, თუ როგორ უნდა დასაქმდეს ხალხი და როგორ უნდა გაუჩნდეთ მათ რეალური შემოსავალი.
„არსებული შენობები, რომელიც მრავლად არის როგორც ქალაქში, ისე სოფლად, დანგრევის პირასაა და გამოუყენებელია. სწორედ ასეთი ფართები სიმბოლურ ფასად გადავცეთ ქართველ ბიზნესმენებს იმ პირობით, რომ ყოველ 10 კვმ-ზე დაასაქმებენ 1 ადამიანს. გორში და რაიონში ასეთი ტიპის ფართები უხეში გათვლებით აჭარბებს ათეულ ათასობით კვმ-ს, გამომდინარე ამ ციფრებიდან მხოლოდ ამ ინიციატივით შესაძლებელია ათასობით სამუშაო ადგილის შექმნა, რაც ნიშნავს ამდენივე შეძლებულ ოჯახს სოფლად და ქალაქად“, - დასძინა ბორცვაძემ.