საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველ ლედისთან სანდრა ელისაბედ რულოვსთან ერთად ჭიათურის სოფელ ქვაციხის მოსახლეობას შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სოფლის მცხოვრებლებს უკვე განხორციელებული სახელმწიფო პროექტები გააცნო და ხაზგასმით აღნიშნა ის პროგრამები, რომლებიც ძალაში მომავალი თვიდან შევა. ქვეყნის პირველმა პირმა განსაკუთრებული ყურადღება გაზრდილ საპენსიო პაკეტსა და საყოველთაო დაზღვევაზე გაამახვილა.
მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხი საპარლამენტო არჩევნებზე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.
„ეჭვი არ მეპარება, რომ ქართველი ხალხი არჩევნებზე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, რადგან თქვენ არ დაუშვებთ, რომ ჩვენმა ბავშვებმა ინანონ ჩვენს მიერ მიღებული არასწორი გადაწყვეტილება“ - მიმართა სააკაშვილმა ქვაციხის მოსახლეობას.
პრეზიდენტის თქმით, ბოლო დღეებში წერეთლის სახლ-მუზეუმში საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიის ამსახველ დოკუმენტებს ეცნობოდა. მისი შეფასებით, წერეთლებმა გასული საუკუნის დასაწყისში თავისი ქვეყნისთვის ბევრი კარგი საქმე გააკეთეს, მაგრამ შემდეგ როგორც საააკაშვილი აღნიშნავს, ქვეყანამ თავისუფლება და დამოუკიდებლობა დაკარგა და ორჯონიკიძეების დროში ჩვენ მტერს ჩაუვარდა ხელში.
„ ეს დღეები მუზეუმში ვიჯექი და ვუყურებდი ამ მასალას, სადაც ნაჩვენებია, რომ საქართველოში დამოუკიდებლობის რამდენიმე წელი ყველაფერი კარგად მიდიოდა, შემდეგ მოღალატეებმა დამპყრობელს „ჩაგვახუტეს“ და იმ თაობისთვის ცხოვრება გაჩერდა. არ დავუშვებთ, რომ ჩვენი მომავალი თაობისთვის ცხოვრება კვლავ გაჩერდეს“ - განაცხადა მან.
პრეზიდენტმა იმ პროექტების შესახებაც ისაუბრა, რომელთა განხორციელებასაც მთავრობას უახლოეს პერიოდში აქვს დაგეგმილი.
სააკაშვილის თქმით, საქართველოსთვის ერთადერთი გზა თავისუფლება და დამოუკიდებლობაა.