პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი არჩილ კბილაშვილი „ქართუ ბანკისა“ და სს „ქართუ ჯგუფის“ აქციების მორიგ დააყაღებას არ გამორიცხავს.
კბილაშვილის განცხადებით, დაყადაღების მორიგი სერიის მიზეზი შესაძლებელია, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიმართ, უკანონოდ დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობა გახდეს.
როგორც კბილაშვილი from.ge -სთან საუბარში აცხადებს, კოალიციის ლიდერის მიმართ, იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, კერძოდ, ქონების შეფასება და აუქციონზე გატანა უახლოეს ორ კვირაში განხორციელდება და მოვლენები ძველი სცენარით განვითარდება.
„სავარაუდოდ, მოვლენები ისე წარიმართება, როგორც პირველ შემთხვევაში. მაშინ, როცა ივანიშვილს 75 მილიონის გადახდა უკანონოდ ჰქონდა დაკისრებული და ამ თანხის არ გადახდის შემდეგ, „ბანკი ქართუს“ და სს „ქართუ ჯგუფის“ აქციები დააყადაღეს, აუქციონზე გაიტანეს და დროებით მმართველობაში გადასცეს. მართალია, ეს ქმედება უკანონო იყო, რადგან ეს ქონება მას აღარ ეკუთვნოდა, მაგრამ ქმედება უკანონოა თუ კანონიერი ამას დღეს ხელისუფლება არ უყურებს. მოსალოდნელია მსგავსი უკანონობა კიდევ ერთხელ განმეორდეს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, - განაცხადა კბილაშვილმა.
მისივე თქმით, „ბანკი ქართუს“ და სს „ქართუ ჯგუფის“ აქციები თუ ისევ დაყადაღდა, ეს კანონიერი არ იქნება, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში, კანონიერება ხელისუფლებისთვის მეორე ხარისხოვანია.
„თუ მსგავსი უკანონობა ერთხელ გააკეთეს, ვფიქრობ, არც მეორედ გაუჭირდებათ“, - განაცხადა კბილაშვილმა.
შეგახსენებთ, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს ჯარიმის გადახდის ვადა ამოეწურა შესაბამისად, ივანიშვილის ქონების მიმართ, იძულებითი აღსრულების პროცესი დაიწყო.
როგორც აღსრულების ბიუროს პრესსამსახურის უფროსი ბესილ ლილუაშვილი from.ge-სთან საუბარში აცხადებს, ამ ეტაპზე საქმის წარმოების პროცესი მიმდინარეობს.
„საქმის წარმოების პროცესი მიმდინარეობს. საწყის ეტაპზე ივანიშვილის ქონების მოძიება, მისი შეფასება მოხდება და ამის შემდეგ გადაწყდება კონკრეტულად, აღსრულების რომელ ფორმას მივმართავთ“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილი ადმინისტრაციულ სამართადამრღვევად 11 აგვისტოს სცნო და უკანონო შემოწირულობების განხორციელებისთვის 20 243 827 ლარით დააჯარიმა.