ათასი სამხედრო მოსამსახურე ბინებს უფასოდ მიიღებს

ათასი სამხედრო მოსამსახურე ბინებს უფასოდ მიიღებს

სექტემბერში, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო „სამხედრო ქალაქში“ საქართველოს შეიარაღებული ძალების ათას სამხედრო მოსამსახურეს ახალი ბინის გასაღებს გადასცემს. ბინებს ის სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ, რომლებიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ოთხი და მეტი წელია მსახურობენ და საკუთარი ბინის უქონლობის გამო უხდებათ ქირით ან ნათესავებთან ცხოვრება. სახელმწიფოსგან ბინები ასევე გადაეცემათ შეიარაღებული ძალების სამეთაურო რგოლს - ასმეთაურების დონეზე. მომავალი წლის მარტში, „სამხედრო ქალაქში“ ახალ ბინებს საქართველოს შეიარაღებული ძალების კიდევ 1000 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს.

თბილისში ისან–სამგორის რაიონში „სამხედრო ქალაქის“ ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დაათვალიერა. დიმიტრი შაშკინი კორპუსების, საცხოვრებელი ბინებისა და ეზოს კეთილმოწყობის პროცესს გაეცნო, რომელზეც ამჟამად 200 ადამიანია დასაქმებული და მშენებლებს გაესაუბრა.

,,სამხედრო ქალაქში’’ ამჟამად შენობებში კეთილმოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს - კეთდება კომუნიკაციები და გამრიცხველიანება, ლიფტების დამონტაჟება. I კორპუსის წინ ხდება ეზოს მოპირკეთება - სკვერების მოწყობა მწვანე საფარით, ბორდიურებიანი სავალი ნაწილით და გარე განათების ბოძებით. ასევე მიმდინარეობს „სამხედრო ქალაქამდე“ სამანქანო გზების გაყვანა და ასფალტის საფარის დაგება.

„სამხედრო ქალაქის“ მშენებლობა 2007 წელს დაიწყო. ამჟამად ექსპლუატაციაში ერთი კორპუსია შესული, რომელშიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახები ცხოვრობენ.

სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი 3T კონცეფციის ერთ-ერთი კომპონენტის - ტოტალური ზრუნვის შემადგენელი ნაწილია.