გია ხუხაშვილი: თუ ვანო მერაბიშვილი დაიმსახურებს, პრემიერ-მინისტრად ალბათ მას დატოვებენ

გია ხუხაშვილი: თუ ვანო მერაბიშვილი დაიმსახურებს, პრემიერ-მინისტრად ალბათ მას დატოვებენ

 „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნო სიის პირველ ნომრად დავით ბაქრაძე, მეორე ნომრად კი ვანო მერაბიშვილი დაასახელა. რა აქვს ჩაფიქრებული ხელისუფლებას, ვინ გახდება საქართველოს მორიგი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი თუ მიხეილ სააკაშვილი და სად აღმოჩნდება საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების შემდეგ, რომელსაც საპრეზიდენტო ვადა 2013 წელს ეწურება? ექსპერტი გია ხუხაშვილი From.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ არჩვენების დროს სააკაშვილი ან შოპინგზე, ან ბუდაბარში აღმოჩნდება, სადაც ის სერიოზული ბრძოლის დროს იმყოფება ხოლმე.

„პირველ და მეორე ნომერს, ბაქრაძე იქნება ეს თუ მერაბიშვილი,  საერთოდ არანაირი მნიშვნელობა  არ აქვს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ სახელებმა და გვარებმა აზრიც და მნიშვნელობაც დიდი ხანია დაკარგა, მათ სისტემურ პროგრამაში კი  ყველას მიხეილ სააკაშვილი ჰქვია.

საერთოდ, ეს ცოტა დიდი თემაა განსახილველად, მოკლედ კი მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ალბათ გადაწყვეტს, რომ პრემიერ-მინისტრად ვანო მერაბიშვილი დარჩეს,რა თქმა უნდა,  თუ მან ეს დაიმსახურა“,-აცხადებს ხუხაშვილი.