ლელა რაზიკაშვილი: თავს რაზიკაშვილად არ ჩავთვლიდი, თუ ივანიშვილის მასპინძლობისთვის სასჯელს არ მივიღებდი

ლელა რაზიკაშვილი: თავს რაზიკაშვილად არ ჩავთვლიდი, თუ ივანიშვილის მასპინძლობისთვის სასჯელს არ მივიღებდი

ვაჟა ფშაველას სახლ- მუზეუმის დირექტორი ლელა რაზიკაშვილი, რომელიც ვაჟა ფშაველას შთამომავალია და რომელიც სახლ-მუზეუმის დირქტორად 2006 წლიდან მუშაობს,  კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ თანამდებობიდან 20 აგვისტოს გაათავისუფლა.

 ლელა რაზიკაშვილი მის გათავისუფლებას 14 ივლისს ჩარგალში ბიძინა ივანიშვილის სტუმრობას და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას უკავშირებს.

„მე ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლაში ხუმრობით განვაცხადე, რომ ვაჟა ფშაველას პირველი შვილი და მემკვიდრე - ლევან რაზიკაშვილი დახვრიტეს ქაქუცა ჩოლოყაშვილის სტუმრობის გამო და მე თავს კარგ რაზიკაშვილად არ ჩავთვლიდი, თუ კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ჩარგალში მასპინძლობისთვის სასჯელს არ მივიღებდი“,-აცხადებს რაზიკაშვილი.

ლელა რაზიკაშვილის განცხადებით, მისი შეცვლა მას შემდეგ უნდათ, რაც 14 ივლისს  მან „ქართულ ოცნებას“ და მის ლიდერს უმასპინძლა, რადგან კულტურის სამინისტროსგან მას აქამდე მხოლოდ მადლობები აქვს მიღებული. 

 „მე ვადასტურებ, რომ „ქართული ოცნების" მხარდამჭერი ვარ, მაგრამ, არ ვარ არცერთი პარტიის წევრი.  მუზეუმის დირექტორობის პერიოდში მუზეუმის რეაბილიტაცია, გადახურვა, ნაწილობრივი რემონტი, სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის "ვაჟაობა", გამოფენები თბილისსა და ჩარგალში, წიგნები, ფილმები და ა.შ. ყველაფერი ჩემ მიერ მოზიდული სახსრებით კეთდებოდა. ამდენად, მე საყვედურებს კი არა, გამგეობისგან და კულტურის სამინისტროსგან ყოველთვის მადლობებს ვიღებდი“,-აცხადებს რაზიკაშვილი და აღნიშნავს, რომ 25 აგვისტოს ხელისუფლებამ „ვაჟაობა“ დანიშნა და მისი ისე ჩატარება უნდათ, როგორც აქამდე „დიდგორობა“ და „ბეშუმობა“ ჩაატარეს.

„ეს არის ქართული სახალხო ღონისძიებების მითვისების მცდელობა. შემიძლია, „ვაჟაობიდან"  გამომდინარე ვთქვა, რომ ასეთი რამ კომუნისტებსაც არ გაუკეთებიათ. იმ დროსაც კი, მწერლები ატარებდნენ ასეთ ღონისძიებებს და არა პარტიები", - აღნიშნა რაზიკაშვილმა.

ლელა რაზიკაშვილი ნიკა რურუას გადაწყვეტილებას გასაჩივრებას სასამართლში აპირებს.