მაია ფანჯიკიძე: როლანდ ახალაია ირაკლი ალასანიას კონკურენტი ვერ იქნება

მაია ფანჯიკიძე: როლანდ ახალაია ირაკლი ალასანიას კონკურენტი ვერ იქნება

კოალიცია “ქართული ოცნების” პრესსპიკერის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ზუგდიდში მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატი, როლანდ ახალაია  ირაკლი ალასანიას კონკურენტი ვერ იქნება.  მისი თქმით, "ორი აზრი არ არსებობს, რომ ახალაიას ზუგდიდში კოალიცია "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ალასანია დაამარცხებს".

მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ბაჩო და დათა ახალაიების მამის კანდიდატად წარდგენა “ძალიან ბევრ ცუდ რამეს უკავშირდება. ისინი მიდიან კონფროტაციის და დაპირისპირების გზით და ეს კარგს არაფერს მოუტანს ხელისუფლებას”

მმართველი გუნდის ზუგდიდის მაჟორიტარ კანდიდატად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, სოფელ ნარაზენში დღეს დაასახელა.

  ბაქრაძის განცხადებით, სამეგრელო -ზემო სვანეთის ყოფილი საოლქო პროკურორი, სიმბოლოა იმის, თუ როგორ უნდა ემსახურო სამშობლოს.