"საზოგადოებრივი მაუწყებელი" სექტემბერიდან ტელე-დებატებს იწყებს

სექტემბრის თვიდან საზოგადოებრივი მაუწყებელი ტელე-დებატებს იწყებს, რომლის ორგანიზებაში ამერიკის განვითარების საერთაშორისო სააგენტო USAID-ი და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი IFES-იც იქნებიან ჩართულნი.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი" საქართველოს საარჩევნო კოდექსისა და მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებს განუხრელად ასრულებს. ამ მოთხოვნების საფუძველზე და თავისუფალ, დემოკრატიულ საარჩევნო პროცესში საზოგადოებისათვის ინფორმირებული არჩევანის საშუალების მისაცემად, "საზოგადოებრივი მაუწყებელი" სექტემბერში კვალიფიციური სუბიექტების აუცილებელი მონაწილეობით ტელე-დებატებს გეგმავს.

საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მაუწყებელი ამ დებატებში საარჩევნო სიების პირველი ნომრებისა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატების მონაწილეობას მიესალმება.

დებატების ორგანიზებაში, ისევე როგორც 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების პერიოდში, ჩართულია ამერიკის განვითარების საერთაშორისო სააგენტო USAID-ი და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი IFES-ი", - აღნიშნულია მაუწყებლის მიერ გავრცელებულ განაცხადებაში.