ლაშა ტუღუში: წინასაარჩევნო პერიოდი ჟურნალისტების წინააღმდეგ ლაშქრობად და ეგზეკუციად არ უნდა გადაიზარდოს

ლაშა ტუღუში: წინასაარჩევნო პერიოდი ჟურნალისტების წინააღმდეგ ლაშქრობად და ეგზეკუციად არ უნდა გადაიზარდოს

გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ ქართველ ჟურნალისტებზე განხორციელებულ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტებს  საერთაშორიოს ორგანიზაციები უკვე იცნობენ და From.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ეს ხელისუფლებაზე ზემოქმედების ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებზე ზეწოლისა და ხელის შეშლის ფაქტებზე  ინფორმაცია ვრცელდება და ეს ინფორმაცია გააჩნიათ უცხოელებს.  ეს ერთ-ერთი დაცვის მექანიზმია და ეს აგრეთვე ზემოქმედების მექანიზმიცაა ხელისუფლებაზე, რადგან სამწუხაროდ, ხშირად ხელისუფლება ანგარიშს არ უწევს საკუთარი მოქალაქეების ხმას და ანგარიშს უწევს უცხოელების მოწოდებებს. კარგია ის, რომ ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტები დაფიქსირდა და პრობლემა ნათელია არა მარტო ჩვენთვის, არამედ უცხოელებისთვის.

აქ არის მთავარი პრობლემა- რა ტიპის მესიჯი მოდის საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ჟურნალისტებთან დაკავშირებით? ვფიქრობ, რომ მესიჯები უფრო მკვეთრი უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი  სერიოზულად შემაშფოთებელია. ეს უკვე ხელისუფლების პოლიტიკაა, როდესაც ჟურნალისტების ცემის ფაქტზე მხოლოდ 15 დღიანი პატიმრობაა მისჯილი“,-აცხადებს

ლაშა ტუღუშის აზრით,  თუ საერთაშორისო ორგანიზაციები აღშფოთებას გამოხატავენ, გააკეთებენ მკაფიო განცხადებებს თუ იტყვიან, რომ ეს არის  დაუშვებელი, მიუღებელი, იქნება კატეგორიული ტონი ხელისუფლების მიმართ, მკაფიო იქნება მოთხოვნები და განსაზღვრებები, რომ ასეთი ქმედებები არ დარჩება რეაგირების გარეშე, ეს ძალიან კარგი იქნება. დასავლეთის მხრიდან კი არ უნდა იყოს რბილი შეფასებები, რადგან ევროპის ქვეყნებში მსგავსი ფაქტების დროს, დასავლეთი მკვეთრ რეაგირებას მოახდენდა.

„თუ არჩევნების პერიოდში ჟურნალისტების მიმართ ხორციელდება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტები, ხდება ინფორმაციის მოპოვებასა და მუშაობაში ხელის შეშლა, არჩევნების სამართლიანობა უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ეს არის ქვეყნისა და საზოგადოებისთვის დიდი პრობლემა.

 ვფიქრობ, დასავლეთის მხრიდან არ იყოს ბუნდოვანი და რბილი შეფასებები.  ეს პროცესები ჟურნალისტების წინააღმდეგ ლაშქრობად და ეგზეკუციად არ უნდა გადაიზარდოს. არ უნდა იყოს ორმაგი სტანდარტები. ეს რომ მომხდარიყო დასავლეთში, მათ ქვეყნებში, საერთაშორისო ორგანიზაციები ასეთივე რბილ განცხადებებს გააკეთებდნენ? მე არ მინდა ვინმე არ მთვლიდეს იმის ღირსად, რომ ჩემს ქვეყანაში არ გააკეთონ ადეკვატური განცხადებები. მინდა, კიდევ ერთი ფაქტი აღვნიშნო, რომ ზეწოლა ჟურნალისტებზე და ხელის შეშლა ხორციელდება არა მარტო რეგიონალურ, არამედ მე-9 არხისა და ინფო9-ის თბილისში მომუშავე ჟურნალისტებზეც“,-აღნიშნავს ლაშა ტუღუში.