ბიძინა ივანიშვილი:

ბიძინა ივანიშვილი: "ქართულმა ოცნებამ" რა ნომრითაც არ უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, შედეგი მაინც იგივე იქნება

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნებისთვის" საარჩევნო ნომრად 7-ის გამოყენებაზე უარი ხელისუფლების აგონიაზე მიუთითებს.

მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კოალიცია როგორმე დააზიანოს, თუმცა აცხადებს, რომ  ისინი შედეგს მაინც ვერ მიიღებენ, რადგან სწორი სვლები არ აქვთ.

„ერთადერთი სწორი სვლა სააკაშვილის გადადგომა იქნება. მან ბოდიში უნდა მოიხადოს ამდენ კანონდარღვევაზე და საშუალება მისცეს ქვეყანას, ჩატარდეს სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები. თუ არ გადადგება, მოახერხოს და დაბრუნდეს კანონიერების ჩარჩოში", - განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილის თქმით, საარჩევნო ნომერი ბევრს არაფერს შეცვლის და "ქართულმა ოცნებამ" რა ნომრითაც არ უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, შედეგი მაინც იგივე იქნება.

მისივე განმარტებით, საარჩევნო ნომრის შეცვლით გამოწვეული ზარალი ჯერ არ დაუთვლიათ, თუმცა აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიერ ჩატარებული უკანონო ოპერაციების შედეგად მათ ფინანსური პრობლემები აქვთ.

რაც შეეხება იმას, თუ რას აპირებენ ახალ ნომერთან დაკავშირებით, ივანიშვილი აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საჩივარი შეაქვთ და სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდებიან.

„ახალი ნომერი რომ ავაგოროთ, შესაძლოა, ისევ უკან დაგვიბრუნონ. მათ ასეთი ფოკუსების ჩატარება სჩვევიათ. ამიტომ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე პაუზას გავაკეთებთ. ჩვენ დაბეჭდილი გვქონდა უკვე ფლაერები და ბევრი სარეკლამო საშუალებები და ყველაფერი გადასაყრელი იქნება, თუმცა მოსახლეობას მინდა მივმართო, რომ არა უშავს, ამასაც გადავიტანთ და 41 ნომრითაც მივიღებთ ისეთივე შედეგს, რაც უნდა მიგვეღო", - აღნიშნა ივანიშვილმა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ "ქართულ ოცნებას" საარჩევნო ნომრად 7-ის გამოყენებაზე უარი უთხრა და იმ მიზეზით, რომ 40-ის ჩათვლით ყველა ნომერი დაკავებულია, ცესკო-ს გუშინდელ სხდომაზე "ქართულ ოცნებას" საარჩევნო ნომრად 41 მიენიჭა.