„თავისუფალი საქართველო“ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს გაემიჯნოს ბოკერიას დეკლარაციას

„თავისუფალი საქართველო“ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს გაემიჯნოს ბოკერიას დეკლარაციას

უწყებათაშორისმა კომისიამ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, წარმოადგინა პარტიათა ქცევის დეკლარაცია, რომლის შემუშავებაშიც არც ერთ რეალურ ოპოზიციურ პარტიას მონაწილეობა არ მიუღია.

როგორც ცნობილია,ხელისუფლების კონტროლისგან დამოუკიდებელი ძირითადი ოპოზიციური პარტიები, მათ შორის პარტია „თავისუფალი საქართველო“ და კოალიცია „ქართული ოცნება“ თავდაპირველად უარს აცხადებდნენ ამ დეკლარაციაზე ხელმოწერისგან, თუმცა, 20 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციით, „ქართულმა ოცნებამ“ დაასტურა, რომ ის მზად იყო  ბოკერიას დეკლარაციისათვის მოეწერა ხელი.

პარტიის პოლიტიკური მდივანი, თენგიზ ომანიძე, ცალსახად გამორიცხავს იმ ვარაუდს, რომ საარჩევნო პროცესის დემოკრატიულობის გარანტი ბოკერიას უწყების მიერ წარმოდგენილი დეკლარაცია  გახდება მაშინ, როდესაც  დღევანდელ რეალობაში ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური რეპრესიების შემკავებელი ბერკეტი კანონიც კი არ არის.

„სააკაშვილის ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს, რათა ოპოზიციას არ მისცეს საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება. ამის დასტურია ფანჯიკიძის განცხადების დღესვე, ცესკოს მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება „ქართული ოცნებისთვის“ 7-ის მაგივრად 41-ე საარჩევნო ნომრის მინიჭების შესახებ“-აცხადებს ომანიძე.

„თავისუფალი საქართველო“  კოალიცია „ქართულ ოცნებას“ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული თამაშის წესების გამიჯვნისაკენ მოუწოდებს, რადგანაც თვლის,რომ ხელისუფლების მიზანი, არჩევნების გაყალბების შემდეგ, ოპოზიციის პროტესტის პრევენცია და დასავლეთის თვალში, უკანონო პროცესებისათვის ლეგიტიმაციის მიცემაა.

„ხელისუფლება, თავისი ქმედებებით, ყოველდღიურად ადასტურებს, რომ ის არ ცნობს არანაირ თამაშის წესს და მხოლოდ საქართველოში ოპოზიციის საბოლოო განადგურებაზეა ორიენტირებული“-აღნიშნავს თენგიზ ომანიძე და პარტიის სახელით აცხადებს,რომ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ დეკლარაციებზე ხელის მოწერის ნაცვლად, ოპოზიციამ მწვავე საპროტესტო აქციათა ტალღა უნდა დაიწყოს.