„სამართლიანმა არჩევნებმა“ წინსაარჩევნო გარემოს შესახებ მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა

„სამართლიანმა არჩევნებმა“ წინსაარჩევნო გარემოს შესახებ მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მეოთხე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. 

სამართლიანი არჩევნების დაკვირვებით, მონიტორინგის პერიოდში დაფიქსირდა, სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების _ 2, პოლიტიკური ნიშნით პარტიების აქტივისტებზე განხორციელებული ზეწოლა-მუქარის _ 8, ფიზიკური ანგარიშსწორების – 2, პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელის შეშლის – 5, ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის – 5, არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობაში ჩარევის 1 შემთხვევა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 17 შემთხვევა, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლის 14 შემთხვევა. 

ანგარიში ასევე მოიცავს ინფორმაციას პოლიტიკური პარტიების მიერ განხორციელებული საჯარო შეხვედრებისა და მოქალაქეებისათვის პარტიების მიერ მიცემული დაპირებების თაობაზე.

ანგარიში დღეს ჟურნალისტებს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნინო ლომჯარიამ წარუდგინა. მისი თქმით, ანგარიშში არ აისახა ისეთი ფაქტები, რომელთა თაობაზეც მხარეებმა საჯარო საუბრისგან თავი შეიკავეს. 

„იმედი მაქვს, ანგარიშში მოყვანილი ფაქტები არ დარჩება შესაბამისი ორგანოების სათანადო შესწავლისა და რეაგირების გარეშე“, - განაცხადა მან.

ლომჯარიას თქმით, ორგანიზაცია აგრძელებს წინასაარჩევნო მონიტორინგს და მომდევნო ანგარიშს აგვისტოს ბოლოს წარმოადგენს. 

მეოთხე შუალედური ანგარიში მოიცავს პერიოდს 2 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, აგრეთვე მოვლენებს რომელთა განვითარებაც 2 ივლისამდე დაიწყო, მაგრამ მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა.