აუდიტის სამსახური პოლიტიკური გაერთიანებებისათვის 32 პირის მიერ შეწირული თანხების წარმომავლობის კანონიერებას სწავლობს

აუდიტის სამსახური პოლიტიკური გაერთიანებებისათვის 32 პირის მიერ შეწირული თანხების წარმომავლობის კანონიერებას სწავლობს

აუდიტის სამსახურის ფინანსური მონიტორინგის სამსახური, პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, პოლიტიკური გაერთიანებებისათვის 32 პირის მიერ შეწირული თანხების წარმომავლობის კანონიერების შესწავლას ახორციელებს. ამის შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ დღეს გავრცელებული განცხადებიდან გახდა ცნობილი.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მათგან 21 პირმა შემოწირულება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ განახორციელა, 6 პირმა თანხები „ქართული ოცნება დემოკრატიულ საქართველოს"შესწირა, 2 პირმა - „თავისუფალი საქართველოს", 3 პირმა კი - „რესპუბლიკურ პარტიას".

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურში პოლიტიკური გაერთიანებებისათვის შეწირული თანხების წარმომავლობის დასაბუთებულობის დადგენის მეოთხე ეტაპზე ადმინისტრაციული წარმოება 2012 წლის 10 აგვისტოს დაიწყო. ორგანული კანონის 341 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ" ქვეპუნქტის შესაბამისად, პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური ადმინისტრაციული ორგანოებიდან და კომერციული ბანკებიდან ოფიციალური ინფორმაციის გამოთხოვას ახორციელებს. ინფორმაციის ანალიზის შემდეგ ორგანული კანონის 341 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ" ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მოხდება იმ შემომწირველთა მოწმის სახით მოწვევა, რომელთა მიერ პოლიტიკური სუბიექტისათვის შეწირული თანხების წარმომავლობის დადგენა დამატებით შესწავლას მოითხოვს“, - აცხადებენ აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ისინი მომავალშიც გააგრძელებს მონიტორინგს და უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებულობას პოლიტიკური სუბიექტების მიერ მიღებული შემოსავლების და გაწეული ხარჯების კანონშესაბამისობის შესახებ.