გურჯაანში მერაბიშვილისა და კახეთის ადგილობრივი ხელისუფლების საგანგებო თათბირი გაიმართა

გურჯაანში მერაბიშვილისა და კახეთის ადგილობრივი ხელისუფლების საგანგებო თათბირი გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით კახეთში ჩავიდა და ადგილობრივ  ხელისუფლებასთან ერთად, გურჯაანში საგანგებო თათბირი გამართა.

როგორც დღევანდელ თათბირზე მერაბიშვილმა განაცხადა, ზარალის დათვლის სამუშაოებში კახეთის ყველა რაიონის გამგებელი უნდა ჩაერთოს. დღესვე პრემიერმა მინისტრებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას ზარალის დროულად დათვლა დაავალა, რათა კომპენსაციის რაოდენობა განუსაზღვროს.

„დაზარალებულ რაიონებში ჯანდაცვის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის მინისტრები ჩამოვლენ და ვითარებას ადგილზე შეისწავლიან. სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები კი დაზარალებულებს სასოფლო-სამეურნეო ღონისძებების გატარებაში დაეხმარებიან,“ - აღნიშნა მერაბიშვილმა და დასძინა, რომ სახელმწიფო დამატებით სახსრებს გამოყოფს, რომ კომპენსაციის გარეშე არცერთი დაზარალებული არ დარჩეს.

ამასთან, მერაბიშვილის თქმითვე, საგანგებო შტაბი სალიკვიდაციო სამუშაობის დასრულებამდე გურჯაანის გამგეობაში განთავსდება.

წინასწარი ინფორმაციით, წუხელ ძლიერი ქარის, წვიმისა და სეტყვის შედეგად საგარეჯოს, გურჯაანისა და ლაგოდეხის რაიონებში 600 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო სავარგული განადგურდა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ქარმა მრავალწლოვანი ხეები მოგლიჯა და რამდენიმე სოფელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ამ დროისთვის კახეთში მობილიზებულია თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბატალიონი და სპეციალური ტექნიკა, რომლებიც ადგილობრივებს სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში ეხმარებიან.